Thursday, April 12, 2012

,,სკოლებში საფრთხის განცდა უფრო მეტია თუ უსაფრთხოების, მთავარ შეკითხვად რჩება“


უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი განიხილეს, დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დოკუმენტში ასახულია, სკოლაში ძალადობის მხრივ არსებული მდგომარეობა, დასავლური და საქართველოს წარმატებული გამოცდილება, არსებული პოლიტიკის ალტერნატივები.

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გაუმჯობესების გზები შესთავაზოს. დოკუმენტში ძირითადი აქცენტი, მოსწავლეების მიერ ურთიერთჩაგვრის შემცირებაზე კეთდება. ალტერნატიული დოკუმენტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადდა. ,,მთელს მსოფლიოში, სკოლის უსაფრთხოება შედგება ორი ელემენტისგან: კონტროლის ელემენტი, როდესაც სკოლებში საჭიროა მანდატურები, ვიდეოთვალები და ა. შ. და მეორე არის ზრუნვის ელემენტი, როდესაც ბავშვი უნდა გრძნობდეს თავს დამოუკიდებელ პიროვნებად. გასაჭირის დროს მის გვერდით იქნება დირექტორი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. ამ ორი ელემენტიდან, საქართველოში ზრუნვის ელემენტი ამოგლეჯილია და დატოვებულია, მხოლოდ, კონტროლის ელემენტი. ჩვენ სკოლას ვეძახით უსაფრთხოს. სინამდვილეში, სკოლებში საფრთხის განცდა უფრო მეტია თუ უსაფრთხოების, მთავარ შეკითხვად რჩება,“ - აღნიშნა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ.

დოკუმენტის განხილვას, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მათ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს სკოლებში, დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მანდატურის სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ,,ჩემი სკოლა, მანდატურების შემოსვლამდეც არ იყო საფრთხის შემცველი. პატარა კონფლიქტები ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება. უბრალოდ, ის განსხვავებაა, რომ მანდატურების შემოსვლის შემდეგ, ბავშვები ცდილობენ, ეს ფაქტები არ გაახმაურონ. იმას ვერავინ დაიტრაბახებს, რომ ახლა აღარაფერი ხდება, უბრალოდ, საგანგაშო მდგომარეობა არაა. მანდატურების შემოსვლას მეტ-ნაკლებად, დისციპლინის გამკაცრება მოჰყვა. კონტროლი ხდება მოსწავლეების და მასწავლებლების. ორივე მხარე, უფრო მოტივირებულები ვართ, რომ არ მოვყვეთ გაუგებრობაში,“ - ამბობს ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლევიძე.

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი, განათლების სამინისტროს, თითოეული პრობლემური მიმართულებისთვის, რეკომენდაციებს სთავაზობს. ,,მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ქცევების მართვის სტრატეგიის შესწავლას. სკოლის პერსონალს უნდა მიეწოდებოდეს საჭირო ლიტერატურა. უნდა ჩამოყალიბდეს სერვისები, რომლებიც მუშაობს ძალადობის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან. წახალისებული უნდა იყოს ძალადობის ფაქტების გამოვლენა და ჩამოყალიბდეს მკაფიო სისიტემა, რომლის მიხედვითაც, პასუხისმგებლობა გადანაწილდება სახელმწიფოს, სკოლასა და საზოგადოებას შორის,“ - აღნიშნა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერმა თამარ მოსიაშვილმა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტის განხილვას, საქართველოს შვიდ ქალაქში გეგმავს.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment