ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ელჩამა იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა და მოსწავლეთა მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს დაესწრო.
საჯარო სკოლებში სამოქალაქო კლუბები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების კლუბების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ქვეყნის 740 სკოლასთან თანამშრომლობს.
„პროგრამას ამერიკული მხარე აფინანსებს. ამიტომ, ამერიკის ელჩისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რას ვაკეთებთ ჩვენ პროექტის ფარგლებში. აქ წარმოდგენილია მოსწავლეების მიერ განხორციელებული ისეთი საქმიანობები, როგორიცაა დასუფთავების და საქველმოქმედო აქციები, ვიზიტი სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში, დებატები, ტრენინგები და დისკუსიები,“ - ამბობს ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლე სოფო ორმოცაძე.
გამოფენის დათვალიერების პარალულურად, ამერიკის ელჩი ახალგაზრდებს გაესაუბრა. მისი თქმით, ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, მნიშვნელოვანია მათი თემის, ქალაქის, სოფლისა და მთლიანად ქვეყნისათვის.
„თქვენ სწავლობთ პრობლემების დანახვას და მათ მოგვარებას. იძენთ გამოცდილებას, რაც მომავალში საშუალებას მოგცემთ ადვილად ითანამშრომლოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მუშაობა და უფრო მეტი ადამიანი ჩართოთ თქვენს საქმიანობაში,“ -განაცხადა ჯონ ბასმა.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელის მარინა უშვერიძის განცხადებით, დღევანდელი დღე იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამერიკა-საქართველოს შორის მეგობრობის 20 წელი შესრულდა და ის ქუთაისში აღინიშნა.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment