საქართველოში რელიგიური ცხოვრება აქტიურ ფაზაშია. სახეზეა ბევრი რელიგიური აქტივისტიც, თუმცა მათი სიმრავლის მიუხედავად, ცოტაა ისეთი, რომელთაც რელიგიური კუთხით აღძრულ სხვადასხვა პრობლემატურ კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლიათ. თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი სწორედ იმ „უმცირესობას“ წარმოადგენს, რომელსაც კითხვებზე პასუხები აქვს. ალბათ, ამ კითხვების (თუ პასუხების) გამოძახილია მისი სადოქტორო თემაც „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ კონტექსტებში“, რომელზეც იგი ბავარიის ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტში მუშაობს.
ჩვენი სტუმარია თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
- სახარებაში მაცხოვარი სასწაულებს, ნიშნებს, ასე ვთქვათ, საკრალურ მოვლენებს ნაკლებ მნიშვნელობას აძლევს. სადღეისოდ საქართველოში რატომ ხდება პირიქით, რატომ არის სასწაულები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქრისტეს სწავლება, მისი ცხოვრების წესი, მისი მცნებები?
- ამის მიზეზი სხვადასხვაა და ბევრი ასპექტით შეიძლება იქნეს განხილული ეს მოვლენა. ჩემი აზრით, საქართველოში სასწაულების და მსგავსი მოვლენების პოპუალარობაც ჩვენს სიზარმაცესთან არის დაკავშირებული. სასწაულის აღიარება და მისით გაოცება, პიროვნებისგან არაფრის გაკეთებას მოითხოვს. ის ამ ნაბიჯით უბრალოდ დეკლარირებს, რომ გავრცელებულ იდეოლოგიურ დისკურსში ჯდება და ეთანხმება ავტორიტეტებს, ვინც ამ მოვლენის სასწაულად ინტერპრეტირება მოახდინა... ეკლესია არ ახორციელებს მისიონერულ, პასტორალურ საქმიანობას და სურს საკუთარი მრევლის მოსაქცევად, იოლი გზები გამოძებნოს. ერთ-ერთი სწორედ ასეთი გზაა სასწაულები. მეორეს მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ შოუების, ე.წ. ივენთების სამყაროში. ადამიანებს უჩნდებათ მოთხოვნები ეკლესიამაც შესთავაზოს მსგავსი რამ და ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგაც წავიდეს. წინა წლის შემოდგომაზე, თუ არ ვცდები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მრევლის მცირე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ მობილური ტელეფონის აპარატით კედელზე გამოსახული წმინდა ნიკოლოზი დააფიქსირეს. მათ ამ მცდელობას - შეექმნათ სასწაული, ეკლესია არ დაეთანხმა და სასულიერო პირებმა განაცხადეს მომხდარის არარეალურობის შესახებ. სამწუხაროდ, მსგავს ჯანსაღ რეაქციას ხშირად არ აქვს ადგილი ჩვენს რელიგიურ სივრცეში.
- სადღეისო ტენდენციით სასულიერო პირისთვის სემინარიის დამთავრება არ ითვლება აუცილებელ პირობად, ისიც გამიგია, რომ ბევრი ამთავრებს სემინარიას, აკადემიას და სახარებაც არა აქვთ წაკითხული. რით აიხსნება გაუნათლებლობის ეს `წახალისება~? რა `საშიშროებას~ შეიცავს განათლებული სასულიერო პირი (აღარაფერს ვამბობ განათლებულ რიგით მრევლის წევრზე)?
- თეოლოგიური განათლების საკითხი, სამწუხაროდ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი იჩენდა სურვილს გამხდარიყო სასულიერო პირი, ამიტომაც ეკლესიას არ ქონდა იმის ფუფუნება, ისინი დამატებითი წინაპირობებითა და მოთხოვნებით დაეფრთხო. წლების შემდეგ კომუნისტური რეჟიმი კი დაინგრა, მაგრამ ეკლესია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, და მაშინ უკვე განათლებული სასულიერო პირები არასასურველნი აღმოჩნდნენ. სხვაგვარად ვერაფრით ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიამ დღემდე არ მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებული კატეგორიული გადაწყვეტილება. ამ მოვლენას იმით ამართლებენ, რომ მთავარი „სულიერებაა“ და განათლება სულის ცხონების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. არადა ქრისტიანობა წიგნიერი, დოქტრინალური რელიგიაა მთელი თავისი დოგმებით, ფილოსოფიით და უამრავი ნიუანსით, რომელსაც ინტელექტუალური მომზადება ესაჭიროება. იცით, სასულიერო სემინარიაში და აკადემიაში სამწუხაროდ არ მიდიან ახალგაზრდები, რომლებსაც მართლაც ბევრი შრომის გაწევა სურთ განათლების მისაღებად. იქ არსებული სხვა მექანიზმების წყალობით, შეგიძლია იზარმაცო და ყოველთვის ფონს გახვიდე, რასაც სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ბოროტად იყენებს. განათლებული ადამიანები, სამწუხაროდ, ეკლესიას ტოვებენ და მათი ხვედრითი წილი, როგორც საეკლესიო იერარქიაში, ასევე მრევლში კატასტროფულად ცოტაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ სახელმწიფომ ვერაფრით ვერ მოახერხა სასულიერო სასწავლებლების განათლების სისტემაში ინტეგრირება. მათი სასწავლო პროგრამების აკადემიურობის ხარისხის კონტროლი, რის გამოც იქ მყოფი პედაგოგების უმრავლესობა კლანური, იდეოლოგიური ან სრულიად პიროვნული საზომების შედაგად არის შერჩეული და არა აკადემიური ცენზის გამო. სახელმწიფო ატყუებს საპატრიარქოს, რომ წინაპირობების გარეშე მისცემს აკრედიტაციას ამ სასწავლებლებს, საპატრიარქოც თავს იმშვიდებს და საბოლოო ჯამში მოტყუებულნი იქ მისული ახალგაზრდები გამოდიან, რომლებიც რჩებიან ხარისხიანი განათლების, ოფიციალური დიპლომისა და ცოდნის გარეშე.
„გაუნათლებლობის წახალისება“ პირდაპირ დაკავშირებულია ძალაუფლებასთან. რამდენადაც გაუნათლებელია საზოგადოება რომელზედაც ამ ძალაუფლებას ანხორციელებენ, იმდენად უსაფრთხოა მმართველი წრეების მდგომარეობა. თუმცა არსებობენ საქართველოს ეკლესიაში მაღალიერარქები, რომლებიც მიესალმებიან და ხელს უწყობენ ახალგაზრდებს მიიღონ ხარისხიანი თეოლოგიური განათლება. სამწუხაროდ, მათი რიცხვი ძალიან ცოტაა, მე პირადად მხოლოდ ერთს ვიცნობ ასეთს.
გაუნათლებელ სასულიერო პირზე სახიფათო რა შეიძლება იყოს თავად ეკლესიისთვის?! რწმენა არ არის რაციონალური მოვლენა, მაგრამ აუცილებელია სასულიერო პირებს შეეძლოთ სხვა ადამიანებისათვის მისი აუცილებლობის რაციონალურად ახსნა. არის კიდევ, უამრავი ნიუანსი, რომელიც საოცრად ტრავმული შეიძლება აღმოჩნდეს მრევლისათვის, თუ სასულიერო პირი გაუნათლებელია. თუ ქართველი სასულიერო პირების ვიდეო-ქადაგებებს გადაავლებთ თვალს ნახავთ, რომ არცერთი მათგანი არ ქადაგებს ქრისტეზე, სახარებაზე ან სხვა საღვთისმეტყველო საკითხზე. ისინი მრევლს ძირათადად ყურმოკრულ ინფორმაციებს აცნობენ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე, მოუთხრობენ ათასგვარ შეთქმულების თეორიას, გამონაგონ ხილვებსა და წინასწარმეტყველებებს.
თავად მრევლი სრულიად გაუცნობიერებელია საკუთარი აღმსარებლობის საკითხებში. არავის სურვილი არ აქვს დრო დაუთმოს საკუთარი ეკლესიის შესწავლას. თუ პატრიარქზე რაიმე კრიტიკულს იტყვით, შეიძლება ისეთმა ადამიანმა გითავაზოთ ქვა თავში, რომელსაც თავად მისი არც ერთი ეპისტოლე, მოსაზრება, ქადაგება წაკითხული არ აქვს.
- და ბოლოს, რა მოუტანა კაცობრიობას ქრისტეს აღდგომამ? რამდენად სწორად ესმის ქართულ საზოგადოებას აღდგომს მნიშვნელობა?
- ადამიანს საკუთარი დასაბამიდან აწუხებდა სიკვდილის ფენომენზე ფიქრი. როგორც ვიცით, უძველესი საფლავები რომლებშიც ადამიანები არიან რიტუალურად დასაფლავებულები 45 000 წლის წინანდელია. აქედან მოყოლებელი ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, თუ როგორ ცდილობდა ყველა ძველი კულტურა აეხსნა – რა ხდება ადამიანის ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ. იქმნებოდა მუმიფიცირების, რიტუალური დამარხვის ფორმები. იქმნებოდა უამრავი მითი და ადამიანები ცდილობდნენ როგორმე დარწმუნებულიყვენენ, რომ ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ კვლავ ჰქონდათ შანსი სიცოცხლისა, დაეძლიათ ის ღრმა ეგზისტენციალური შიში სიკვდილის წინაშე, რომელიც აგრერიგად ტანჯავს ყველა ადამიანს დღემდე. უფალმა იესო ქრისტემ კი კაცობრიობას საკუთარი აღდგომით საბოლოოდ ამცნო ამ ჭეშმარიტების შესახებ. ადამიანებს საბოლოოდ მიეცათ შანსი სჯეროდეთ და სწამდეთ, რომ სიკვდილის შემდეგ ახალ, სხვა სახის არსებობას განაგრძობენ და როდესაც ამის ესქატოლოგიური ჟამი დადგება, კვლავ აღდგებიან.
საერთოდ, დღეს, როდესაც ასეთი მატერიალისტურია ირგვლივ ყველაფერი ძნელია გჯეროდეს, რომ შენც გაქვს შანსი აღდგომისა. მით უმეტეს საქართველოში, სადაც დიდი საეკლესიო დღესასწაულები მჭიდროდაა დაკავშირებული ადგილობრივ ფოლკლორულ ფენომენებთან, ძნელია აღდგომის დღესასწაულის არსობრივად აღქმა. ამას დაემატა იერუსალიმის ცეცხლის სრულიად თეატრალიზებული ელემენტი, რომელმაც მთლიანად გადაფარა აღდგომის შინაარსი. როდესაც ადამიანები მისალოც ტექსტებს მიგზავნიან, მწერენ: გილოცავ ცეცხლის გადმოსვლას და აღდგომას. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
თუმცა იმედია მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი იესო ქრისტე ადრე თუ გვიან ყველას გულის კარს დაუკაკუნებს.
ქრისტე აღსდგა!
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment