გაზიფიკაცია, სკოლების რეაბილიტაცია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და შიდა გზები – ამ პრობლემების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, დღეს, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მოსახლეობისგან მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა. ,,პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვეთ, დასრულებულიყო გაზიფიკაციის პრობლემა, რომელის სამუშაოები უკვე, დაწყებულია. შეგვპირდა, რომ ახალ წლამდე ეს პრობლემა გადაიჭრება. სოფლის მოსახლეობას არ ექნება საწვავისა და შეშის პრობლემა. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობამ, ჩვენი სურვილები გამოვთქვით, თუ რისი გაკეთება გვსურდა. ზოგმა გაზიფიკაცია დაასახელა, ნაწილმა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,“ – ამბობს იანეთის მკვიდრი ნინო ვაშაკიძე.
დავით ბაქრაძემ, შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს, ის პროექტები გააცნო, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივით, მიმდინარე წელს განხორციელდება. საუბარი შეეხო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომარაგებას: ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, წელს, არის სოფლის მეურნეობის დახმარება, იმისთვის, რომ ქართული სოფელი დადგეს ფეხზე, გლეხი იყოს წელში გამართული. ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვა, იყოს კარგი საავადმყოფოები, ბევრი ადამიანი იყოს დაზღვეული და ჰქონდეს მკურნალობის საშუალება. ჩვენი პრიორიტეტია, უახლოეს მომავალში, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რომელიც საქართველოს, თითქმის, ყველა რაიონში მიმდინარეობს,“ –განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, იმერეთის გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ მოისმინა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ,,აქ, უკვე, დავასრულეთ გამრიცხველიანების პროცესი. წელს, დაიწყება ამ სოფლის გაზიფიკაცია, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე, ვიწყებთ ახალი მექანიზაციის შემოყვანას სოფელში,“ – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
გაზიფიცირების პროექტისთვის, სოფელ იანეთში, 43 ათასი ლარი დაიხარჯება.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment