24 აპრილს ბიბლიოთეკის
კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის #4 საქალაქო ბიბლიოთეკაში ლექცია გაიმართა თემაზე – „ქუთაისისა და მისი შემოგარენის
ისტორიული, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები“. მომხსენებელმა, საქართველოს ისტორიული
მუზეუმის თანამშრომელმა, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნული საკითხი საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა
და ქალაქის არქიტექტურული თუ არქეოლოგიური მონაპოვრების შესახებ მასალები წარმოადგინა ფოტოების სახით.
„ქუთაისი ძალიან საინტერესო და მდიდარია ამ კუთხით.
ქვედა პალეოლითით დაწყებული და დამთავრებული დღევანდელი დღით - ყველა ეპოქის მატერიალური
ძეგლია წარმოდგენილი. ბევრმა არ იცის თუ რა სიმდიდრეს ვფლობთ, ხშირად არც ქართველმა
და არც უცხოელმა. ჩვენი ქალაქი, არ გამოწყვეტია
იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობდა. ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანებისკენ სვლა. ქალაქი თავის
ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ მისიას არ კარგავს დღესაც“, - მიაჩნია დავით ბერძენიშვილს.
ქალაქში მიმდინარე
სამშენებლო სამუშაოებმა „არქეოლოგის“ ფუნქცია შეუთავსეს მშენებლებს. ისინი სხვადასხვა
აღმოჩენების მოწმენი გახდნენ. ამ აღმოჩენებმა გარკვეული კორექტივები შეიტანეს ისტორიკოსთა
დასკვნებში. „ადრე ფიქრობდნენ, რომ ქუთაისის
ვაკე ტერიტორია ქალაქი არ ყოფილა, ქალაქი იყო გორა, მაგრამ რუსთაველის ქუჩაზე, რაც
აღმოაჩინეს 2005 წელს, სხვა დასკვნების გაკეთების
შესაძლებლობა შექმნა“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
მაგრამ რუსთაველის
ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე არქეოლოგიური სამუშაოები დიდხანს არ გაგრძელებულა. სამუშაოები
ვეღარ გაგრძელდება თვით ბაგრატის ტაძარზე. თუმცა ისტორიკოსები ამაში პრობლემას ვერ
ხედავენ. რადგან, „სანამ აღდგენითი სამუშაოები
დაიწყებოდა ტაძარზე, იგი მაქსიმალურად იქნა შესწავლილი, ასევე - რუსთაველის გამზირზეც.
იქ, ვთქვათ, რომ აღმოჩენილიყო ანტიკური ხანის თეატრი, ან სამეფო სასახლე, ან რაიმე
ტაძარი, მაშინ მშენებლობა შეწყდებოდა. მაგრამ მხოლოდ სამარხი აღმოჩნდა. დავაფისირეთ
რა დონეზე იყო, რომელ პერიოდს ეკუთვნოდა და უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა. ამიტომ მშენებლებს
უფლება მიეცათ მშენებლობის გაგრძელების“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment