Thursday, April 19, 2012

პრეზიდენტის ფასადური „საჩუქარი“




ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე მშობლები შვილებს თამაშს უკრძალავენ. მიზეზი მარტივი ტიპის სპორტული მოედნის ავარიული მდგომარეობაა, რომელიც პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებისთვის.

მოედანს, რომელიც 2010 წელს პრეზიდენტის ინიცატვით გააკეთდა, ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილი აქვს. როგორც, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, სტადიონი გახსნიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა.

ამჟამად, ჯავახიშვილის ქუჩაზე მარტივი ტიპის სპორტული მოედნის ღობის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. დაჟანგულია ღობის რკინის ნაწილი, ხოლო ხის ნაწილის დამპალი და საღებავგადასული ფენაა შენარჩუნებული. სტადიონს აღარ აქვს მწვანე საფარი, მხოლოდ მწვანე ხალიჩის ნაგლეჯებია შემორჩენილი. ისიც ნალექის შედეგად დამპალია და სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული. ჩატეხილია სკამები, რამდენიმე ადგილას კი საერთოდ გამქრალია. დაჟანგული და ამორტიზებულია მოედნის სხვა ტერიტორიის ინფრასტრუქტურაც. ადგილზე დამონტაჯებული 4 სანათი წერტილიდან, არცერთი არ მუშაობს.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ მინი სპორტული მოედანი მიხეილ სააკაშვილის ინიციატვით გაკეთდა და პრეზიდენტი მის გახსნასაც დაესწრო. „ქუთაისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როცა მან ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარა, ბავშვებმა სთხოვეს სტადიონის გაკეთება. ისიც დაგვპირდა და მართლაც, რამდნიმე თვეში მოაწყვეს სტადიონი. უფრო სწორად, გაანახლეს ძველი. პრეზიდენტი გახსნაზეც იყო ჩამოსული. ახლა ხედვათ, რა მდგომარეობაა, რამდენჯერ ამიკრძალავს შვილისთვის მაგ სტადიონზე თამაში, რადგან არ არის უსაფრთხო“ - გვითხრა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებმა გელა გვეტაძემ.

მოსახლეობის ნაწილი მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებსაც იხსენებს. „როცა აკეთებდნენ მაშინაც არ მოგვწონდა. აი, ნახეთ, ხრეშზე ვინ დააგებს თხელ მწვანე საფარს? თან ეს ხალიჩაა და არა სპორტული მოედნის საფარი. ერთჯერადად გააკეთეს. მოედნის გახსინდან რამდნიმე თვეში, დაიწყო ინვენტარმა დაზიანება“- ამბობს ნინო ლოსაბერიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს სპორტული მოდნების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგემა. „ვერაფრს გეტყვი, არ ვიყავი მაშინ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. მე შემიძლია ზუსტად გითხრა რა გაკეთდა ჩემს დროს და რის გაკეთებას ვგეგმავთ. ერთი ვიცი, რომ სამუშაოები აუცილებლად ჩაუტარდება და მოეწყობა, როგორც ძველი, ასევე, ახალი სპორტული მოედნები. გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გაწერილი თანხისა, დამატებით ველოდებით 300 ათას ლარს რეგიონალური განვითარების ფონდიდან“- განაცხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

აღსაშნინავია, რომ 2010 წელს მინი სპორტული მოედნების მოწყობაზე 434 000 ლარი დაიხარჯა. 2011 წელს აღნიშნული პროექტისთვის 78,9 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა, სამუშაოები 2011 წელს არ ჩატარებულა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბლიტაცია პროგარმით 2-3 წელიწადში ერთხელ არის გათვალისწინებული. „ჩვენ 2011 წელს მხოლოდ ჰოკეის მოედნის მოწყობა შევძელით, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ქალაქის სპორტული ცხოვრებისთვის,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

2012 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში მინი სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაციისათვის ჯამში 200 ათასი ლარია გაწერილი. „გარდა სარეაბილიტაციო სპორტული მოედნებისა, იგეგმება 10 ახალი სპორტული სტადიონის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები. ტენდერი, სავარაუდოდ, 10 მაისიდან გამოცხადდება, მას შემდეგ, რაც 2 მაისობის დღესასწაული ჩაივლის,“- ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment