„ქალაქში სანიტარული წესრიგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის
დასუფთავების განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ. ბეშკენაძემ დღეს გამართულ საკრებულოს
სხდომაზე ქალაქში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ორგანიზაციული
და პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
დასუფთავების განყოფილების
ხელმღვანელის თქმით, ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის
შემდგომი ამაღლების მიზნით, განსაკუთერებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ ბიუჯეტში
დასუფთავების მოსაკრებლის მაქსიმალურ მობილიზებას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული
პირების მხრიდან.
„2011 წელს დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა განსაზღვრული
იყო 940 000 ლარით. წლის შედეგების მიხედვით
გეგმა 120%-ით (170 000 ლარი) გადაჭარბებით შესრულდა. 2012 წელი დაგეგმილია მილიონ
ლარზე. გაწეული მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გეგმა 124%-ით შესრულდა
და ადგილობრივ ბიუჯეტში 250 000 ლარის
ნაცვლად 310 467, 06 ლარი აკუმულირდა,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
ბეშკენაძის განცხადებით,
დასუფთავების სფეროში არსებული რიგი პრობლემების აღმოფხვრა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
განახლებამ, ახალი კადრების მოზიდვამ და ხელფასების ზრდის ტემპმა განაპირობა. მისი
თქმით, ამ ეტაპზე მეეზოვის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დასუფთავების განყოფილების
უფროსის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში დასუფთავების რონისძიებების პროგრამის ბიუჯეტისათვის
4 147 700 ლარია გათვალისწინებული. ქალაქის დასუფთავებას 15 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, ხოლო ქუთაისის
სისუფთავეზე 155 დამგველი ზრუნავს. ბეშკენაძის
თქმით, დასუფთავების სამსახურის ტექნიკური რესურსი პრობლემების სრულად აღმოსაფხვრელად
საკმარისი არ არის, ამიტომ, 2-3 დღეში დასუფთავების
განყოფილება დამატებით 5 ერთეულ ნაგავშემკრებ
სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში, ნარჩენების ტრანსპორტირების
საკითხთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება. აღნიშნული 5 მანქანის გარდა, პრობლემების
სრულიად აღმოსაფხვრელად კიდევ 2 მანქანა გვჭირდება,“ - ამბობს ბეშკენაძე.
ფრიდონ ბეშკენაძემ
ქალაქის დასუფთავების კუთხით მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით ისიც აღნიშნა, რომ გაიზარდა
დასაგველი ტერიტორიების არეალი.
„ამჟამად სისტემატურად
იგვება აღმოსავლეთის მხრიდან ქალაქში შემოსასვლელი, სოფელ ჭოგნარის გადასახვევამდე,
გელათისა და მოწამეთის მონასტრებამდე, რიონგესისა და სოფელ ბანოჯის გადასახვევამდე.
გარდა ამისა, არაერთი ღონისძიებები განვახორციელეთ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე
არსებული ანტისანიტარული კერების ლიკვიდაციის მიზნით. უახლოეს დროში გვეგმავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის,
სტუდენტების, ქალაქის თვითმმართველობის მონაწილეობით მრავალჯერადი აქციების მოწყობას,
ქალაქის შიგა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული ანტისანიტარიის კერების სალიკვიდაციოდ,“ - ამბობს ფრიდონ ბეშკენაძე.
დასუფთავების განყოფილების
ხელმძღვანელი წარმოდგენილ ანგარიშში მიღწეული შედეგების გარდა, საქმიანობის ხარვეზებსაც
შეეხო. ბეშკენაძის თქმით, ზამთრის პერიოდში ნარჩენების ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული
პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, სამსახურმა არსებული ტექნიკით ქალაქის გარკვეული ნაწილიდან
(გორა, ჭომა, ჭახათა) ნარჩენების ტრანსპორიტება
ვერ უზრუნველყო.
ქალაქის საკრებულომ
(რომელსაც უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი არ ესწრებოდა) დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. „სერიოზული წინსვლაა, რასაც მოსახლეობა ხედავს
ყოველდღიურად. თუმცა გვაქვს პრობლემები,“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
ამირან ხვადაგიანი.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment