„ჩვენს აქტვისტებთან მიმართებაში დღესაც ხდება ფარული სატელეფონო ნომრებიდან დარეკვები და მუქარები, რომ თუკი არ ჩამოცილდებიან პარტიას, პრობლემები შეექმნებათ“ - ეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბას კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა მიაწოდეს. კოალიციაში შემავალი „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახი დვალიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მათ აქტივისტებზე დაშინების პოლიტიკას ახორციელებს.
შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი ქუთაისში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა. ელჩთან შეხვედრის დროს ხელისუფლების მხრიდან დაშინების პოლიტიკასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც გაამახვილეს ყურადღება.
„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც კონტროლის პალატის წნეხი პირდაპირ იწვნია. ჩვენი პარტიიდან 22 ადამიანი იყო კონტროლის პალატის მსხვერპლი, რომელთაც დაურიგდათ უწყებები და იბარებდნენ დაკითხვაზე“, - აღნიშნა ელჩთან გამართულ შეხვედრაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ.
„ხელისუფლება განკარგავს საბიუჯეტო თანხებს საარჩევნოდ. გზების დაგებას, ქუჩების მოწესრიგებას და სხვა პროექტებს ახორციელებენ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს უკვე გაყალბებაა,“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოსთვის“ იმერეთის რეგიონალური ხელმძღვანელი გოგი წულაია.
შეხვედრაზე დასმულ პრობლემებსა და შეკითხვებზე ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები შეეთებულ შტატებშიდაც ხდება.
„დღეს რაც მესმის, ამგვარი კრიტიკა მომისმენია შეერთებულ შტატებშიც: ის რომ გზების დაგება ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ხელისუფლება ირჩევს სწორედ საარჩევნო პერიოდს. ამას ჩვენ ვეძახით მოქმედი მთავრობის უპირატესობას, რომლითაც ის სარგებლობს,“ - აღნიშნა ჯონ ბასმა. თუმცა, მისი განცხადებით: „რაც დღეს მოვისმინე, ყველაზე დიდ შეშფოთებას შეიძლება იწვევდეს მინიშნებები შიშზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების მიერ პოლიტიკური აზრის გამოთქმასთან, პირად უსაფრთხოებასთან, შესაძლო სამსახურის დაკარგვასთან და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის ვალდებულება აქტიურად უპასუხოს ასეთ კითხვებს“ - აღნიშნა ელჩმა. ჯონ ბასის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე შედგება საუბარი მთავრობის წარმომადგენლებთან.
„ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება თავად ირჩევს და აყალიბებს იმ სისტემას, რომელიც მისთვის არის მისაღები. ეს პროცესი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მისაღები,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment