Tuesday, April 10, 2012

გუბაზ სანიკიძე: „დღეს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ პანაშვიდებია“



„საქართველოს აღარ გააჩნია პერსპექტივა ამ ხელისუფლების ხელში. დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ალტერნატივა „ქართული ოცნების“ სახით. 2012 წელი გადამწყვეტი იქნება ქვეყნისათვის მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში. ჩვენს კოალიციაში არ არსებობს დიდი და მცირე. აქ ყველანი ერთი გუნდის წევრები ვართ,“ - განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დღეს ქუთაისში, პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების“ ოფისის დაფუძნებისას.

კოალიციის ოფისი ქუთაისში, რუსთაველის №38-ში მდებარეობს. ის ამ დრომდეც ფუნქციონირებდა, თუმცა ოფიციალურად მისი დაფუძნება დღეს გახდა შესაძლებელი. დღესვე ცნობილი გახდა ოფისის ხელმძღვანელის ვინაობაც. ის კოალიციის შემადგენელი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის - „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი გელა გაბადაძეა. როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, გელა გაბადაძე შტაბთან ერთად გაუძღვება და დაგეგმავს „ოცნებელთა“ საქმიანობას. თავად „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კი არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდეს ქუთაისში.

ოფისის დაფუძნებისას კოალიციის ლიდერებმა პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო განსხვავებული პოლიტიკური წარსულისა და შეხედულებების მქონე ძალების გაერთიანება. გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილის დამსახურებაც შეახსენა შეკრებილ მოქალქეებს და აღნიშნა, რომ: „8 წლის განმავლობაში ის რეფორმები, რითაც სააკაშვილი თავს იწონებდა, ეს იყო დაგებული გზები, პატრულის რეფორმა თუ გადაიარაღებული ჯარი, ბიძინა ივანიშვილის ფულითაა გაკეთბული. კარგად ვიცით რაც გააკეთა მან იმერეთისთვის. სააკაშვილი ბიუჯეტიდან ფულს მხოლოდ საკუთარი გართობისთვის ხარჯავს. დღეს საქართველოში არის „ნაცმოძრაობის“ პანაშვიდები. ოქტომბერში იქნება გასვენება. არაფრისმთქმელი „ნაციონალური“ უნდა დასრულდეს და ყოვლისმომცველი ეროვნული დაიწყოს,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კოალიციის ლიდერებმა ქუთაისის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის გაერთიანება სწორედ აქედან იწყება. კოალიცია ქალაქში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მოგებისთვის იბრძოლებს.

„ქუთაისი უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის ვისთან აქვს საქმე, რა ბრძოლა მოელის და რა იქნება ამ ბრძოლის შედეგი,“- ამბობს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ხელმძვანელი გელა გაბადაძე.

ქუთაისში კოალიციის ოფისის გახსნას დადებითად აფასებენ მოქალაქეები. მათი თქმით, ქვეყანას იმ შემთხვევაში აუხდება ოცნება თუ თითოეული პოლიტიკური ძალა ერთ, საღ აზრზე შეჯერდება.

„,ჩვენ დიდი ხანია ამას ველოდით და ძალიან გვიხარია. ქართველთა ოცნების ასასრულებლად ერთად დგომაა საჭირო, თორემ თუ ყველამ თავისთვის იარა, ასე არაფერი გამოვა,“ -ამბობს ქუთაისში მცხოვრები ამირან ასათიანი.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში 3 პოლიტიკური ძალა - „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. კოალიციასთან თანამშრომლობენ ასევე, „კონსერვატორები“ და „ხალხის პარტია“.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment