ადგილობრივი თვითმმართველობის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სასულირო პირები დღეს, ასოციაცია „მოწყალების“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ესტუმრნენ, ხარების დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ გაზაფხულის დღესასწაულს. მიმდინარე წელს ეს თარიღი ხარების დღესასწაულს დავამთხვიეთ. გვყავს სტუმრები და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა თანადგომისათვის,“ - ამბობს ასოციაცია „მოწყალების“ ხელმძღვანელი გულიზა ჯავახაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოწყალება“ ქუთაისში 2001 წლიდან ფუნქციონირებს. ის შემოწირულობებზეა დამოკიდებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აერთიანებს.
„ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად შევეცდებით ის ტვირთი შეგიმსუბუქოთ, რაც განგებამ გარგუნათ. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით“ - განაცხადა ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.
„ის, რომ აქ პოლიტიკური სპექტრი არ იყო ერთფეროვანი და იყვნენ როგორც მმართველი ძალის, ისე ოპოზიციის წამომადგენლები, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებთან ურთიერთობას არა აქვს პარტიული ნიშანი. აუცილებელია, თითოეულ ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს მათთან სამოქალაქო სოლიდარობის და არა პარტიულობის ნიშნით,“ - ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით დვალი.
ასოციაცია „მოწყალების“ ბენეფიციარები ქარგავენ, ქსოვენ, მუშაობენ ბისერებზე და პერიოდულად აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს. როგორც აღნიშნავენ, მათი მისამართით ნებისმიერი ფორმით გამოჩენილ ყურადღებას მხოლოდ მიესალმებიან.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment