14 აპრილს, გელათის აკადემიაში, გელათური ხელნაწერების გამოფენის პარალელურად, ესეების ონლაინ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ონლაინ კონკურსი, რომელიც ქუთაისის კულტურის, განათლების, ძელთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო გამოცხადებული, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში 32-მა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა შორის ქალი ესეისტები ჭარბობდნენ. გამარჯვებულთა შორისაც ქალები მოხვდნენ.
გარდა ძირითადი ნომინაციებისა (ჟიურის რჩეული და სოციალურ ქსელ facebook-shi like-ების ლიდერი, ანუ პუბლიკის რჩეული), პრიზები დააწესეს სხვა ორგანიზაციებმაც: ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, რომლის სიმპათიაც ნანა უგულავა გახდა. ასევე, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, რომელმაც წიგნებით დააჯილდოვა მისი რჩეული ანა ჩხეიძე. ათასლარიანი პრემია კი გადაეცათ ჟიურის რჩეულს - ირმა კახურაშვილს და like-ების ლიდერს - გვანცა მიქაძეს.
„ვთვლი, რომ მოლოდინი, გამართლდა და ჩვენ წავიკითხეთ განსხვავებული ხასიათის ტექსტები“, - ამბობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი მწერალი ნესტან (ნენე) კვინიკაძე.
თუმცა, ტექსტების ამ განსხვავებულობის მიუხედავად, ავტორების უმეტესობას აერთიანებდა ერთი განწყობა - პესიმიზმი. „უფრო სწორად, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაღაც ძალიან დიდს ვკარგავთ. ავტორები ასევე მოგვიწოდებდნენ, რომ ჩვენ უნიკალური კულტურის ქვეყანა ვართ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ“, - ამბობს ნესტან კვინიკაძე.
მაგრამ ამ მოწოდებებში კონკურსანტები მაინც ახერხებდნენ საინტერესო ფორმის მოძებნას და იმ კრიტერიუმებთნ ზიარებას, რაც ჟიურიმ მნიშვნელოვნად მიიჩნია. „გამომდინარე იქeდან, რომ ჩვენ ესსე უნდა შეგვეფასებინა და არა პათოსი, მაღალი ქულები მიიღეს მათ, ვინც სათქმელის მოტანა საინტერესო ფორმით სცადეს, - სიუჟეტური ქარგა, ტექსტის ორიგინალური ფორმა და სიმძაფრე, - ეს ის კრიტერიუმები იყო, რაც გამარჯვების წინაპირობა იქნებოდა. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ტექსტის უკან ავტორი და ინდივიდი ჩანდეს, სხვა შემთხვევაში, ანუ ის, რომ კულტურას გაფრთხილება სჭირდება, ამაზე ცალსახად ყველანი ვთანხმდებით“, - ამბობს ნესტან კვინიკაძე.
ჟიურის წევრები, კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები იმაზეც თანხმდებიან, რომ: „ლიტერატურული პროცესის ადეკვატური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკურსებს, workshop-ებს, პრემიებს და მსგავსი სახის აქტივობებს. თუ არ ვცდები, ეს პირველი ესსების კონკურსია. ესსე საუკეთესოდ გამოხატავს მიმდინარე პროცესებს და თავისი ხასიათის მოქნილობით ბევრ საშუალებას იძლევა“, - მიაჩნია ნენე კვინიკაძეს.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment