Monday, April 23, 2012

პავლე კუბლაშვილი: ,,21 წლის ადამიანს შესაძლებლობა ექნება გახდეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი“

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ, სახალხო განხილვის პროცესი დაიწყო. დღეს, სასტუმრო-კომპლექს „ბაგრატში“, შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. ,,ჩვენი კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი, ვისაც 10 წელი უცხოვრია საქართველოში და ახლა არის ევროკავშირის მოქალაქე, მიეცეს უფლება კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტის წევრად. ეს არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა. კარგია, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გაკეთებული შეთავაზება გაიზიარა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ივანიშვილის გუნდმა. საბოლოოდ, ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე იქნება პოლიტიკურ ავანსცენაზე“ – განაცხადა ფრაქცია ,,ქრისტიან - დემოკრატების“ წევრმა ლევან ვეფხვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად, შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

,,21 წლის ასაკს მიღწეულ ადამიანს, შესაძლებლობა ექნება გახდეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რაც ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, “- აღნიშნა უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საყოველთაო- სახალხო განხილვა თელავში, ახალციხეში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment