Monday, April 2, 2012

ქუთაისის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხარვეზებით დაიწყო



ქუთაისის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის პირველი დღე ხარვეზებით დაიწყო. პირველკლასელთა დასარეგლისტრირებლად დღის განმავლობაში ბაზაში შესვლა ჭირდა.

„ბაზა გადატვირთული იყო და ვეღარ შევდიოდით. ამდროისთვის მხოლოდ 11 ბავშვი დავარეგსტრირეთ“, - ამბობენ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში.

შექმნილი ხარვეზების გამო, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად მისული მშობლები ამბობენ, რომ: „ცოტას ვნერვიულობ. მეშინია რომ ვერ მოვასწარო დარეგისტრირება. ჩემი უფროსი შვილი უკვე ამ სკოლაში სწავლობს და შესაბამისად, მეორეც აქ უნდა დავარეგისტრირო“, - ამბობს ერთ-ერთი პირველი კლასელის მშობელი ხათუნა დვალიშვილი.

მშობლების თქმით, ახალი ინიციატივა მათთვის მისაღებია. „ადრე ცოცხალ რიგში გვიწევდა ჩადგომა და თავისებური პრობლემები იყო“, - აღნიშნავენ მშობლები.

„ახალი ინიციატივა მოსახერხებელია მშობლებითვის. მათთვის უკვე სავალდებულო აღარ არის სკოლაში მოსვლა შვილის დასარეგიტრირებლად. ამიერიდან მათ შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ბავშვები. წელს ასეთი სახით ბავშვთა რეგისტრაცია პირველია და შესაბამისად, მშობლები ნერვიულბენ, რადგან მათ მხოლოდ ორი კვირა აქვთ. მაგრამ სანერვიულო არაფერია. ყველა მოასწრებს დარეგისტრირებას“, - ამბობს ქუთაისის №1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე.

პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია წელს პირველად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების რეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. რაც შეეხება, დანარჩენ პირველკლასელებს, მათი რეგისტრაცია 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. მშობლებს სკოლის არჩევაში ვებ-გვერდი www.catalog.edu.ge დაეხმარებათ, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისთვის მშობელმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსოს: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, ამის შემდეგ ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. იმ მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს ან სკოლას მიმართონ. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ბუკს მიიღებს.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment