„ვიდრე საქართველოში ჩამოვლენ ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩვენ ის ოფიციალური პირები, რომლებიც ვიმყოფებით საქართველოში, არაოფიციალური დამკვირვებლის ფუნქციას ვასრულებთ. ამ სულისკვეთებით ვესტუმრე ქუთაისს და მზად ვარ თქვენგან მივიღო ინფორმაცია“ - ეს განცხადება ამერიკის შეერებული შტაბების ელჩმა ჯონ ბასმა ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა.
ჯონ ბასი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერის ფარგლებში, დახმარებას ვუწევთ როგორც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყოფილი იქნას წინასაარჩევნო გარემოს მაქსიმალური კონკურენტობა, ხოლო შემდგომ, არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. ამას ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს, გქონდეთ თავისუფლება და თავად აირჩიოთ თქვენი საკუთარი მომავალი,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და ის დისკუსიის ფორმატში წარიმართა. პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ელჩთან შეხვედრის დროს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესულ ცვილებებზე და მის უკუშედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.
„საარჩევნო გარემო უკვე დაწყებულია და ის საჭიროებს დაკვირვებას. ამიტომ, ჩვენ წინა წლებისგან გასხვავებით, გრძელვადიანი დაკვირვება უკვე დავიწყეთ,“ - აღნიშნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ელჩს რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პრობლემები გააცნეს.
„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ელჩი ჩამოდის, რეგიონში თავად ხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და საზოგადოების წარმომადგენლებს და მათგან იღებს ინფორმაციას არსებულ პრობლემებზე. ეს არის ელჩის მხრიდან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის განმტკიცებას,“ - აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ.
„ჩვენი მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, როდესაც ვხვდებით სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებს საქართველოში. გავეცანით მათ შეხედულებებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამენ ისინი არსებულ ვითარებას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი და სურვილი, რომ საქართველოში იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო დამკვირვებლები. ჩვენ ვეხმიანებით ამას და რა თქმა უნდა, ჩავერთვებით დაკვირვების პროცესში,“ - განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა.
„წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკური ვნებათაღელვის მატება ლოგიკური პროცესია. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას,“ - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment