ქუთაისის მოსახლეობის პრიორიტეტები განიხილეს დღეს სასტუმრო–კომპლექს „ბაგრატში“ გამართულ საჯარო შეხვედრაზე.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავჯდომარე, ვახტანგ ბალავაძე, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ისეთი პრიორიტეტული საკითხების განხილვა, როგორებიც არის კომუნალური მომსახურების ღირებულება, გზები და გაზ-მომარაგება.
„ჩვენ არამარტო ვესწრებით ამ შეხვედრას, არამედ ჩვენს მოსაზრებებსაც გამოვთქვამთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კეთდება ქუთაისში, რჩება გარკვეული პრობლემები და შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარების გზებზე ვისაუბროთ,“ – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
„სასმელი წყალი არ გვაქვს უკვე 20 წელიწადია თამარ მეფის ქუჩაზე. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ, ტყუილი დაპირებები იყო. ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ისიც შევთავაზეთ, რომ ფულს ჩვენ გადავიხდიდით, მაგრამ შედეგი ამანაც არ გამოიღო,“ – აღნიშნეს მოქალაქეებმა.
საჯარო შეხვედრა საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს და შვედეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს ფინანსური დახმარებით გაიმართა.
NDI–ის პროგრამების ხელმძღვანელის თქმით, ეს შეხვედრები არის საშუალება იმისა, რომ მოსახლეობამ კითხვები დასვას და შესაბამისად, პასუხები მოისმინოს კომპეტენტური პირებისგან. „NDI–ის კვლევებმა აჩვენა, რომ ქუთაისს 3 ძირითადი პრობლემა აქვს. ეს არის გაზიფიცირება, გზები და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ჩვენი მიზანია, ამ შეხვედრების მეშვეობით, მოსახლეობას მიეცეს საშუალება, პირდაპირ მიმართოს კითხვებით კომპეტენტურ პირებს და პასუხებიც მიიღონ“– აღნიშნა NDI-ის პროგრამების ხელმძღვანელმა იენ ვუდვარდმა.
ანალოგიური შეხვედრები NDI-ის მხარდაჭერით ბათუმში, ფოთსა და თელავში ჩატარდება.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment