Saturday, April 7, 2012

მაია მიმინოშვილი: „მინდა სკოლამ აღმოფხვრას ხარვეზები“


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქუთაისში, აპრობაციის პროცესში მონაწილე საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ქალაქის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი პრეტესტის მიმდინარეობას დაესწრო და პედაგოგებს პროცესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„გამოსაშვები გამოცდების სისტემის აპრობაციას ვახორციელებთ დღეს. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეებსა და სკოლებს აძლევს დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვითარებაა კონკრეტული საგნის სწავლებასთან დაკავშირებით. საგნის რომელ ნაწილში უჭირთ ყველაზე მეტად მოსწავლეებს. მინდა ეს ინფორმაცია ეფექტურად გამოიყენოს სკოლამ იმისათვის, რომ აღმოფხვრას ხარვეზები და სწორად დაგეგმოს სასწავლო პროცესი,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სკოლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო სამუშაოდ და ნაკლოვანებების გამოსაწორებლად. „პრეტესტების სიტემა მისაღებია იმიტომ, რომ მოსწავლეს თითოეულ საგანში საკუთარი ცოდნის გამოცდის შესაძლებლობა ეძლევა. კარგი იქნება თუ მსგვასი ტიპის შეხვედრები მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ სკოლაში არ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებსაც შეეძლებათ,“ - ამბობს ქუთაისის №40 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მეზურნიშვილი.

აპრობაციის პროცესი საჯარო სკოლებში 6 აპრილს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მასშტაბით 180-მდე საჯარო სკოლაა ჩართული.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment