Thursday, April 26, 2012

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები უცვლელია


ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სოციალური ღონისძიებები, განათლება, კულტურულ-სპორტული პროგრამები და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - ასე გამოიყურება ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყო.
ქუთაისის მერიაში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო და მედია-სექტორის მონაწილეობით ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის თვითმმართველობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  პროგრამის („დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დაწყებისას ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ ქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღეს ის 52 მილიონ ლარამდეა ასული. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალოგიურია. მომავალ წელსაც ყურადღება დაეთმობა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბინათამხანაგობების ინსტიტუტის განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ასევე, ხელოვნების დარგებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში იზრდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობთ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ. თუმცა არის რიგი საკითხები, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით, მაგალითად პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის გაფართოება,“ - ამბობს ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი კახა გვანცელაძე. 
 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება განსახილველად. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კი წლის ბოლოს საკრებულო ამტკიცებს.
ქრისტინა ქარჩხაძე   

No comments:

Post a Comment