Monday, April 2, 2012

„საპირფარეშოებს პრეზიდენტის ჩამოსვლამდე არ გახსნიან“


ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე, სულ 4 საპირფარეშოს აშენება იგეგმება (ავტოქარხანაში - მდინერე ,,ოღასკურის“ განაპირას, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცენტრალურ ბაღში).

პროექტით გათვალისწინებული მოსაწყობი საპირფარეშოებიდან ერთ-ერთი (წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე) უკვე აშენებულია. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ის ამ დრომდე უმოქმედო მდგომარეობაშია. ერთადერთი ვერსია, რაზეც მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოქალაქეები საუბრობენ ასეთია: ,,როგორც ამბობენ, საპირფარეშოებს პრეზიდენტის ჩამოსვლამდე არ გახსნიან,“ - გვითხრეს წითელ ხიდთან არსებულ ერთ-ერთი საცხობში.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ვასილ მებურიშვილის თქმით: ,,უკვე აშენებული საპირფარეშო, ალბათ, უახლოეს ხანებში გაიხსნება.“

საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობისთვის 2012 წელს საქართველოს მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 50 ევროპული დონის საპირფარეშოს აშენება იგეგმება. პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

„დღეისათვის ქვეყანაში საზოგადოებრივი საპირფარეშოები საერთოდ არ არსებობს. რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ანტისანიტარიას. გარდა ამისა საპირფარეშოების არ არსებობა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს. პირველად საქართველოში „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ პრობლემის გადასაჭრელად, მასშტაბური ღონისძიებების გატარება დაიწყო. თითოეულ სამშენებლო სამუშაოებს 3 თვე დასჭირდება,“ - აღნიშნავენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები სამ განყოფილებიანი იქნება. მას ქალთა, მამაკაცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი განყოფილებები ექნება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშო სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment