საარჩევნო სიების
დაზუსტების მიზნით, კარდაკარის პროგრამა გრძელდება. ქუთაისში დღეს, რეგისტრატორები
ფხაკაძეების ოჯახს სტუმრობდნენ. გაირკვა, რომ ექვსსულიანი ოჯახის ერთი წევრი, სიაში
არ იმყოფებოდა. ,,დღეს შემიყვანეს სიაში. მიხარია,
რომ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და პრობლემა არ შემექმნება“-ამბობს დარეჯან
ფხაკაძე.
კარდაკარის პროგრამაში
ჩაერთო, „ჯეოსტარი 2012“-ის გამარჯვებული მარიტა როხვაძე, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა
ფხაკაძეების ოჯახში. ,,მივესალმები ამ ინიციატივას და მზად ვარ, ჩავერთო გადამოწმების
პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მსგავსი წამოწყების წარმატების გარანტი, საზოგადოების ჩართულობაა. მე,
ჩემი მშობლიური ქალაქიდან ვუერთდები იმ ხალხს, რომლებიც კარდაკარ დადიან და ამოწმებენ
სიებს,“ - აღნიშნა მომღერალმა მარიტა როხვაძემ.
კარდაკარის პროგრამა
ორი დღეა დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით, 462 რეგისტრატორი გადაამოწმებს საარჩევნო სიებს.
,,ახალი ეტაპი ორი დღის დაწყებულია და მიმდინარეობს
ყველა ოჯახში წყვილების შესვლა. ინციდენტები, ძირითადად, არ არის, თუმცა არის ოჯახები,
რომლებიც არ უშვებენ ჩვენს წარმომადგენლებს,“ -განაცხადა სიების გადამოწმების კომისიის
იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ივანე კაპანაძემ.
იმერეთის მასშტაბით,
1772 რეგისტრატორი გადამზადდა, რომლებიც ივნისის ბოლომდე, ყველა ოჯახში შევლენ. ივლისში,
შეგროვებული მონაცემები გადამოწმდება. პირველი აგვისტოსთვის კი, მზა სიები უნდა გამოქვეყნდეს.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment