Wednesday, April 11, 2012

ქუთაისში მოვაჭრეებისთვის სასტუმრო შენდება


ქუთაისში, ფალიაშვლის ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეებისთვის სასტუმრო შენდება. სასტუმროს მშენებლობას თავად ბაზრის ადმინისტრაცია (შპს „ფარი“) ახორციელებს. ობიექტი ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებს მოემსახურება.

სავაჭრო დაწესებულების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობა ბაზრის რეორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. „ბაზრის განახლება და კეთილმოწყობა 2009 წლიდან ხორციელდება. სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა. რადგან, ბაზარში მომუშავე ადამიანებს, იმის გამო, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოდიან, ხანდახან ღამის გათევა სჭირდებათ“, - ამბობს კომპანია „ფარის“ მენეჯერი ოთარ ჩხეიძე.

ცენტრალური ბაზრის ბაზაზე აშენებული სასტუმრო კომპლექსი პირველ ეტაპზე სავაჭრო ობიექტის მხოლოდ ერთ – მესამე სართულს დაიკავებს. კონკრეტულად, როდის დასრულდება მშენებლობა, რამდენი ნომერი იქნება სასტუმროში და რა იქნება ერთი ღამის მომსახურების ფასი? ჯერჯერობით დადგენილი არ არის. „დეტალები დაზუსტების პროცესშია. თუმცა, ეს იქნება ბაზარზე გათვლილი სასტუმრო, რომლის მომსახურება იაფი იქნება“, - აღნიშნავს ოთარ ჩხეიძე.

ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის სასტუმროს მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა პირობების გაუმჯობესება, აუცილებელია.

„პირობებს თუკი გაგვიუმჯობესებენ, მისასალმებელია.სასტუმროს მშენებლობა ნამდვილად საჭირო იყო. რადგან სოფლიდან ჩამოსული ადამიანები კერძო სახლებში რჩებიან“, - აღნიშნავენ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment