Tuesday, April 17, 2012

თამთა ლიპარტელიანის მშობლები ბრეივიკის სიკვდილით დასჯას ითხოვენ



ნორვეგიაში მიმდინარე, ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესის განაჩენს, ქუთაისშიც ელოდებიან. კუნძულ უტიოაზე მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლები, ტერორისტ ანდრეს ბრეივიკისათვის, სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას ითხოვენ. ისინი ნორვეგიის ჰუმანური კანონის გამო, მოითხოვენ, ბრეივიკი ევროსასამართლომ გაასამართლოს. ,,ვფიქრობდი, მისი შეურაცხადობის საკითხი არ წამოიწევდა წინ, მაგრამ მაინც განიხილება ეს საკითხი. ვერ გამიგია ამ სახელმწიფოსი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებულია, ეს ადამიანი არ არის შეურაცხადი და ის პირსისიხლიანი ტერორისტია, მაინც კარგ პირობებში ჰყავთ, განსაკუთრებულ კომფორტში ცხოვრობს. სიკვდილით დასჯა ~ შესაფერისი იქნება, მაგრამ თუ სიკვდილით არ დასჯიან, სამუდამო პატიმრობა მისთვის სასათბურე პირობების შექმნა იქნება. უსამართლობის განცდა მაქვს ამ სასამართლოს მიმართ. ამიტომ ვითხოვთ, ტერორისტი ევროსასამართლომ გაასამართლოს,“ - ამბობს თამთა ლიპარტელიანის დედა, ლეილა ასათიანი.

ნორვეგიაში წასვლასა და სასამართლო პროცესზე დასწრებას, გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის მამა, 9 მაისისთვის გეგმავს. ,,როდის წავალ, ეს გადაწყვეტილი არ არის ჯერ, იმიტომ, რომ მათ უნდა გამომიგზავნონ ბილეთი. თუკი არ გამომიგზავნეს, ვერ წავალ. ჯერჯერობით, მეუბნებიან, რომ 9 მაისისთვის უნდა წავიდე. სასამართლოზე მოვითხოვ, ბრეივიკის მკაცრად დასჯას. ის, საერთაშორისო კანონით უნდა გასამართლდეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ,“ - აღნიშნა ავთო ლიპატრელიანმა.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, 2011 წლის 22 ივლისს, ანდრეს ბრეივიკის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის, 23 წლის, ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანიც იყო.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment