Tuesday, April 10, 2012

„2013 წლის ბოლოსთვის, ზესტაფონს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“


ზესტაფონის მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს ყოველდღიურად, გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიაწოდა. მინისტრი ზესტაფონში იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ირაკლი კვაშილავასთან ერთად იმყოფებოდა.

,,ჩვენ გვინდა, ამ წლის ბოლომდე, ყველა დიდ ქალაქში, ყოველდღიურად მოდიოდეს წყალი. ვაგრძელებთ ამ ქალაქში მუშაობას. ამ წლის ბოლომდე, ზესტაფონი და მისი სოფლების 60 პროცენტი, 12–საათიანი წყლით იქნება მომარაგებული. ამას, შემდეგი ეტაპიც მოჰყვება, რასაც ჰქვია 24–საათიანი წყლით მომარაგება,“ - აღნიშნა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

,,იმერეთში, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური რაიონი ზესტაფონი იყო. წყალი თითქმის არცერთ უბანში მოდიოდა. დღეს, უკვე, ხალხმა ამოისუნთქა. ზესტაფონში, ამ პრობლემას მოვაგვარებთ მთლიანად,“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წყალმომარაგება ზესტაფონისთვის, ბოლო 30 წლის მანძილზე, გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს, წყალი 3-4 დღეში ერთხელ, მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე წელს, შესრულებული სამუშაოების შედეგად, ზესტაფონის მოსახლეობა ყოველდღიურ, 7 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა.

,,ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან, ყოველ დღე, 3-4 საათის განმავლობაში, მოდის წყალი. თუ, უფრო მეტად მოიმატებს, კმაყოფილები ვიქნებით,“, - ამბობს ზესტაფონში მცხოვრები ნუნუ ჩიტორელიძე.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ,,ზესტაფონის მოსახლეობას, უკვე, ყოველდღიურად მიეწოდება წყალი. დავიწყეთ, 3 მილიონი ლარის ღირებულების, სამშენებლო სამუშაოებიც. გავახანგრძლივებთ გრაფიკს და 2013 წლის ბოლოსთვის, ზესტაფონს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება,“ - აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment