Wednesday, April 25, 2012

ქუთაისის ბიუჯეტი 17 მილიონით გაიზარდა


ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის, ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან  2 500 000 ლარი გამოიყო.  ქალაქის ბიუჯეტში  ცვლილებების შეტანის პროექტი დღეს, ქუთაისის  საკრებულომ დაამტკიცა.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის განმარტებით, წლის დასაწყისში ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი 36 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო (ტრანსფერებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიების მეშვეობით) ამ ეტაპზე ის 53 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები (1 027 000)  გამოიყო  პროგრამა „კორპუსის“  განხორციელების მიზნით.  ცვლილებები შეეხო სოციალურ პროგრამებსაც.  შედეგად, 152 400 ლარით გაიზარდა მატერიალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი. 100 000 ლარი დაემატა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს. რაც შეეხება სამედიცინო დახმარების პროგრამას, მისი ბიუჯეტი 40 000 ლარით გაიზარდა.

ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი ცვლილების შედეგად, 10 000 ლარი გამოეყო თოჯინების თეატრს. 20 000 ლარით გაიზარდა საჯარო ბიბლიოთეკის ბიუჯეტი, ხოლო ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 30 000 ლარი მიიღო.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში  საჯარო მოხელეთა ინტერესებიც გაითვალისწინეს. შესაბამისად,  ტერიტორიული ორგანოების სახელფასო ფონდს 26 400 ლარი დაემატა.


ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment