Thursday, April 5, 2012

რადიო ,,რიონი“ ქუთაისში

მალე ქუთაისში რადიო ,,რიონი“ დაიწყებს მაუწყებლობას. FM 105.5 სიხშირეზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რადიო დაახლოებით 10 დღეში, სატესტო რეჟიმში იმაუწყებლებს. რადიო „რიონი“ ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ პროდუქტია და ის შერეული ტიპის პროგრამებით გავა ეთერში. ეს იქნება: საინფორმაციო გადაცემები საქართველოს მასშტაბით, ამბები უცხოეთიდან, კულტურული ამბების კოლაჟი, საბავშვო და გასართობი პროგრამები.

,,რა არეალიც აქვს ტელევიზია „რიონს“, იგივე დატვირთვითა და სიხშირით იმუშავებს რადიოც. ლიცენზიაც ერთად არის გაცემული. ასე რომ, ეს იქნება ტელე-რადიო კომპანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე, გვექნება ვებ-გვერდი - radio.rionitv.com და ყველა გადაცემა live რეჟიმში გავა,“ - ამბობს ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე.

ტელე-რადიო კომპანიაში აცხადებენ, რომ რადიოს მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, თავად კომპანიამ გაიღო. თანხამ ამ ეტაპზე 30 000 ლარი შეადგინა. ,,რადიოსთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ჩვენ დავფარეთ. ბანკში პირადი კრედიტიც მაქვს აღებული. ასევე, გარკვეული სახსრების აკუმულირება მოხდა რეკლამების წყალობით,“ - აღნიშნავს თამარ ღვინიანიძე.

ტელე-რადიო კომპანია „რიონში“ აცხადებენ, რომ რადიოს მაუწყებლობისთვის საჭირო ყველა აპარატურა უკვე შეძენილია და ამ ეტაპზე სარეკლამო ბანერების მზადება მიმდინარეობს. თამარ ღვინიანიძის თქმით, რადიო „რიონის“ რედაქტორი ჟურნალისტი ნინო ძოწენიძე იქნება. დანარჩენი თანამშრომელი კი ადგილობრივი კადრებიდან დაკომპლექტდება.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment