ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსების კეთილმოწყობა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მინასა და ხეში ჩაისმება. იგეგმება ტერიტორიაზე განთავსებული კიდევ ორი 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კეთილმოწყობა. თუმცა, ამ დროისთვის მათი მოწყობის კონკრეტული დეტალები არ სახელდება.
14-სართულიანი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი მამუკა მორჩაძე ამბობს, აღნიშნულმა ფირმამ უზრუნველყო ქუთაისში, საქართველოს მთავრობის სახლის მოწყობა. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ დასაქმებული პირები საცხოვრებელი სახლის წინ კონსტრუქციის აგებაზე მუშაობენ. ამის შემდეგ კორპუსის სამი მხარე ხესა და მინაში ჩაისმება.
„ამ კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებით შეკვეთებს ძირითადად თბილისიდან ვიღებთ. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობა არ გვაქვს. ამ კორპუსის რეაბილიტაციის გარდა, დარჩენილი 2 კორპუსის კეთილმოწყობაც მოხდება, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი რა გაკეთდება. ერთი რაც ცნობილია არის ის, რომ ტროტუარის მხარეს ყველა კორპუსში კარ-ფანჯარა შეიცვლება,“ - ამბობს მამუკა მორჩაძე.
კორპუსის მაცხოვრებელთა განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოსახლეობა ნაწილობრივ ინფორმირებული იყო. „უკეთესი ის იქნებოდა, ლიფტი რომ გამოეცვალათ და შუქი და წყალი მუდმივი იყოს,“ - ამბობენ ისინი.
როგორც სამუშაოების შემსრულებელ ფირმაში აცხადებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების რეაბილიტაციის პროცესი უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს.
„რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ სამუშაოები,“ - ამბობს მამუკა მორჩაძე.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment