Tuesday, April 10, 2012

წინასაარჩევნო „წყალობა“ მოვაჭრეებისათვის (?!)


ბაზრობებზე დასაქმებული ფიზიკური პირები სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან ერთი წლით თავისუფლდებიან. საგადასახდო კოდექსში შესაბამისი ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ვაჭრობას არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან თავადვე (დაქირავებული პირების გარეშე) ახორციელებენ. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2013 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდებიან. აქამდე ეს შეღავათი 2012 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის მეორე შესახვევში არსებულ ე.წ. „ციგნების ბაზრობაზე“ დასაქმებული ადამიანები აღნიშნულ ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. როგორც ისინი აცხადებენ, მთავრობამ აღნიშნული „წყალობა“ წინასაარჩევნოდ მათი გულის მოსაგებად მიიღო. „რად უნდა ამას დიდი ფიქრი. მთავრობა რომ თავის საკეთილდღეოდ ცვლის კანონებს და ცდილობს ამომრჩევლების გულის მოგებას ეს ხომ აქსიომაა. ამაზე ჩვენი კომენტარი არც გჭირდებათ. სწორედ ეს არის ამ „ვითომ შეღავათის“ აზრი. მე აქ, ამ ბაზარზე კი არ დავბადებულვარ, ადრე სკოლაში ვმუშაობდი და რაღაც-რაღაცეები გამეგება. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ამ ვალდებულებას კიდევ ერთი წლით გადაწევენ?! ახლა საპარლამენტო არჩევნებია, მერე საპრეზიდენტო მოდის. მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომ არჩევნების მერე მეორე კვირაში აამოქმედონ ეს გაჩერებული კანონი. სად ვცხოვრობთ გამაგებინეთ? ნორმალურია ყოველ თვეში ან კვარტალში ახალ-ახალი კანონპროექტების მიღება?!“, - განმარტა ბაზრობაზე დასაქმებულმა ერთ–ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. „არ მინდა შვილო ზედმეტი პრობლემები. ისედაც ბევრი გითხარით“, - გვითხრა მან.

მოვაჭრეების თქმით, სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება მათთვის საერთოდ არ უყნდა არსებობდეს. „ეს არის ბაზრობა და არ უნდა დაგვავლდებულონ სალარო აპარატებით. ისედაც მუშაობა არ გვაქვს. შეციცინებულები ვართ მყიდვლებს. მაგრამ უფრო დასათვალიერებლად მოდიან, ვიდრე რაიმეს საყიდლად“, -აღნიშნავენ მოვაჭრეები.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment