Monday, April 2, 2012

ქუთაისში ტრანსპორტის მოძრაობას „ონლაინ რეჟიმში“ გააკონტროლებენ

ქუთაისის შიდა საქალაქო ტრანსპორტრზე მონიტორინგის მიზნით ჯი-პი-აი სისტემის დანერგვა იგეგმება. ახალი სისტემის დანერგვის შესახებ მერიის ტრანსპორტის სამსახურში საუბრობენ. ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით კბილაშვილი განმარტავს, რომ ახალი სისტემის შემოღება საპარლამენტო ქალაქის სტატუსს უკავშირდება: „უკვე საპარლამენტო ქალაქი ვხდებით და ამიტომ მნიშვნელოვანია შიდა ტრანსპორტის მოძარობა მოწესრიგებული იყოს. ახალი სისტემის დანერგვით საშუალება გვექნება ერთდროულად გავაკონტროლოთ ქალაქში ნებისმიერი მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტი“, - ამბობს დავით კბილაშვილი. მისი თქმთ, ჯი-პი-აი სისტემა უკვე შემუშავებულია, თუმცა, ახალი სისტემის დასანერგად თითოეულ სამარშრუტო ტრანსპორტში გადამცემი სისტემის დამონტაჟებაა აუცილებელი. „ეს კი ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ შეძლებს ამის დაფინანსებას. ჯერჯერობით გაურკვევლია, ვინ დააფინანსებს გადამცემი სისტემის მონტაჯს და დაევალებათ თუ არა გადამზიდ კომპანიებს (ქალაქში სულ 12 გადამზიდი კომპანიაა) ამ საკითხის უზრუნველყოფა“, - ამბობს კბილაშივილი.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის „ონლაინ რეჯიმში“ მონიტორინგის იდეის შესახებ დასაქმებული მძღოლების დამოკიდებულება ორად გაიყო. ნაწილისთვის მიუღებელია ახალი სისტემით მათი კონტროლი. „კიდევ სისტემის დაყენება გვინდა? ხომ გვყავს „დისეჩერები,“ მეტი შემოწმება რა საჭიროა?!“, - ამბობს №17 ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლი.

შიდა საქალაქო ტრანსპორტო ხაზზე დასაქმებული მძოლების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დღის გეგმას დარღვევის გარეშე ასრულებს და ამიტომაც, პრობლემას არ წარმოადგენს დამატებითი კონტროლი.

„გააკონტროლონ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამდროისთვის დილის 07:30 საათზე ვიწყებ მუშაობას და საღამოს 20:15 საათამდე ვმუშაობთ“, - ამობს ერთ-ერთი მძღოლი ალექსანდრე ბიბინეიშვილი.

ქალაქში მგზავრების გადაყვანას დღის განმავლობაში სულ 280 ერთეული ტრანსპორტი უზრუნველყოფს. თითოეულ ხაზს საშუალოდ ხუთი სატრანსპორტო საშუალება ემსახურება. თუმცა, ამის მიუხედავად, მგზავრები უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამენ.

„მძღოლები თავიანთ ნებაზე დადიან. საღამო როგორც კი მოახლოვდება, წითელი ხიდის გაჩერებაზე მიკროავტობუსებიც იცლება. ავტობუსებზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი. მათ ხომ საღამოს 18:00 საათის შემდეგ ვეღარ ნახვთ. სამსახურიდან გამომდინარე, ცოტა გვიან მიწევს სახლში წასვლა (ავტოქარხანაში ვცხოვრობ) და ამიტომ, სულ ნერვები მაქვს მოშლილი“, - ამბობს საქალაქო ტრანსპორტის მუშაობით უკმაყოფილო ერთ-ერთი მგზავრი ნაზი ჯიშკარიანი. მგზავრები განმარტავენ, რომ ქალაქში სატრანსპორტო სისტემის დარეგულირების საკითხი მარადიული პრობლემაა.

„სულ ეს პრობლემა გვაქვს ქუთაისში. როგორც კი შებინდდება ვერსად წახვალ ადამიანი. ტაქსების საშუალება კი ადამიანს ყოველ საღამოს სად აქვს“, - აღნიშნავენ ადგილობრივი მგზავრები.

ქალაქის შიდა სატრანსპორტო მარშრუტებზე მომუშავე მძღოლების ურჩობაზე ტრანსპორტის სამსახურშიც საუბრობენ. „გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. მაგრამ მისი დარეგულირება ე.წ. „დისპეჩერების“ მოვალეობაა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში „დისპეჩერებსაც“ არ უჯერებენ მძღოლები. ჩვენ სადაც ხელი მიგვიწვდება, ყოველ საღამოს გამოვდივართ (წითელი ხიდის და ჯაჭვის ხიდის გაჩერებებზე) და ვაკონტროლებთ მძღოლებს. მაგრამ, იმის გამო, რომ სამსახურში მხოლოდ ერთი მანქანა გვაყვს ამ საქმისთვის გამოყოფილი, მთელი ქალაქის კონტროლს ვერ ვახერხებთ. უახლოეს მომავლში ეს საკითხიც მოგვარდება“, - განმარტავს დავით კბილაშვილი.

გეგმის მიხედვით, ქუთაისში მიკროავტობუსები ყოვედღე 06:30 საათიდან 23:00 საათამდე უნდა მუშაობდნენ. ხოლო ავტობუსები 07:00 საათიდან - 09:00 საათამდე.

მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ საგაზაფხულოდ (აპრილის ბოლოდან), შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკის შეცვლა იგეგმება. „აღდგომის მერე, როდესაც ამინდებიც გამოვა და მგზავრთა ნაკადიც მოიმატებს, შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკიც“, - ამბობს დავით კბილაშვილი.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment