Friday, April 27, 2012

კვირეულის საღამოები ხსოვნის ნიშნით


26-27 აპრილს, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ბიბლიოთეკებში ხსოვნის საღამოები გაიმართა.
ანდრია სინაურის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის დამფუძნებლის და დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. როგორც ცნობილია ანდრია სინაურმა თავისი სახლი და მისი მდიდარი ბიბლიოთეკა ქალაქს გადასცა. მოგვიანებით იქ საქალაქო ბიბლიოთეკა გაისხნა, რომლის გამგეც გარდაცვალებამდე ანდრიას მეუღლე ნადია აბდუშელაშვილი გახლდათ. ხსოვნის საღამოს მკითხველთა სხვადასხვა თაობა სტუმრობდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც  პირადად იცნოდნენ პოეტს. შეხვედრაზე გაცხადდა ერთ-ერთი ქალბატონის – ნანი ავალიანის სურვილიც, რომ  ბიბლიოთეკისათვის 200-მდე წიგნი გადაეცა.
გახსენება-გაცნობას შეეხო მიხა ხელაშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამოც, სახელწოდებით „მიხა ხელაშვილი - ქართული ჰეროიზმის ემანაცია“, რომელიც სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზში გაიმართა. საღამოს ინიციატორი მე-13 ბიბლიოთეკა გახლდათ. თუმცა მომხსენებლები არა თანამშრომლები, არამედ უფროსკლასელი მკითხველები იყვნენ. მათ მსმენელებს გააცნეს მიხა ხელაშვილი, როგორც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. ადამიანი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშილთან ერთად ფშავსა და ხევსურეთში გამართულ შეიარაღებულ აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდა. ამასთან ერთად, ის რამოდენიმე ცნობილი ლექსის „ლექსო ამოგთქომ“ და „ბინდისფერია სოფელის“ ავტორიცაა. „ამ ლექსებს საბჭოთა პერიოდში, როგორც ხალხურ პოეზიას ისე აცნობდნენ ხალხს. მიხა ხელაშვილის ფიგურა ცოტა მიჩქმალულია და მოზარდი თაობისათვის უცნობია. გვინდოდა ინფორმაცია მიხა ხელაშვილზე  მოზარდებისთვის მათსავე თანატოლებს მიეტანათ“, - ამბობს სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე.
საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს დაიხურება.
ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment