Thursday, April 5, 2012

შავი პიარი თუ დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“



პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იმერეთის წარმომადგენლობაში გახეთქილებაა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. კერძოდ, facebook-სა და ბლოგზე - kutaisitoday.wordpress.com არსებული პოსტები „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში განხეთქილების არსებობაზე მიანიშნებს. საუბარია იმაზე, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა კოალიციასთან შეთანხმების გარეშე გეგმავდა ქუთაისში ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ამან გამოიწვია დაპირისპირება კოალიციაში, რაც წყალტუბოს ერთ-ერთ გარეუბანში ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლითა და საბოლოოდ, პოლიციის ჩარევით დასრულდა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელ facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელდა მიმოწერა „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერს კახა ქუთათელაძესა და „ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ბუბა ჩივაძეს შორის. მიმოწერის თანახმად, აღნიშნული პირები ერთმანეთს მუქარის ტონითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ.

„ერთ-ერთი საინფორმაციო საგენტოს ჟურნალისტმა ამ მიმოწერის ავტორობაში ბრალი მე დამდო. ეს სრული სისულელეა. კახა ქუთათელაძეს ვიცნობ, მაგრამ ეს ადამიანი facebook-ში მეგობრებში არ მყავს. თუ ვინმეს რაიმე შავი კამპანიის აგორება უნდა, მისამართი შეეშალა,“ - ამბობს ჩივაძე.

კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და მიმოწერას უარყოფს კახა ქუთათელაძეც. მისი თქმით, ახალგაზრდებს შორის არავითარი დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი არ მომხდარა.

„რატომ უნდა დამეარსებინა ახალგაზრდული ორგანიზაცია, როცა ის უკვე რამდენიმე თვეა არსებობს ქუთაისში და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთა საკმაოდ წარმატებულია. ახალგაზრდებს შორის იყო ჩვეულებრივი უთანხმოება და ხმამაღალი ტონით საუბარი. რაღაც შენიშვნა მივეცი მათ. მეტი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება მიმოწერას, ბუბა ჩივაძე საერთოდ არ მყავს მეგობრებში, შესაბამისად, ვერც მიმოწერას განვხორციელებდი მასთან. უბრალოდ პროვოკაციას აქვს ადგილი, მაგრამ არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ დგას ამის უკან,“- ამბობს ქუთათელაძე.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment