,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის მოსახლეობას შეხვდა. იგი ადგილობრივ მცხოვრებლებს სოფლის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, მათგან კი სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა. სოფლის მცხოვრებლებმა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამ სფეროში არსებული პრობლემები დაასახელეს.
,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სოფელში. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სოფლის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროს ხელმიუწვდომლობაა. ძალიან კარგია ახალი საავადმყოფოები, მაგრამ ამან გამოიწვია ფასების კატასტროფული ზრდა. ჯანდაცვის სფეროს ხელმისაწვდომობა ძალიან გართულდა,“ – აღნიშნა დავით გამყრელიძემ.
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა, მოსახლეობამ სოფელში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზეც ისაუბრა: ,,ამ სოფელში ყოველთვის დიდი პრობლემები იყო. მიწების 80 პროცენტი დაუმუშავებელია. საბადოები გვაქვს, მაგრამ წყალი მაინც არ არის. გაზიც არასდროს ყოფილა ჩვენს სოფელში, არც საძოვრები გვაქვს. ტყე არის, თუმცა ბილეთის აღება და შეშის მოტანა პრობლემაა ჩვენთვის,“ – ამბობს სოფელ ძევრში მცხოვრები ამირან სოფრომაძე.
დავით გამყრელიძის განცხადებით, ,,ახალ მემარჯვენეებს“ შემუშავებული აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ახალი მემარჯვენეები“ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს, მათ მიერ შემუშავებული პროგრამის ერთობლივად განხილვას სთავაზობენ.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment