Monday, April 23, 2012

ამერიკული კუთხე ქუთაისში



ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეოცე წლისთავი აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა ქუთაისში აღნიშნა.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის საიუბილეო დღე ამერიკის ელჩმა, ქუთაისში ი.ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბბლიოთეკაში, საბავშვო ლიტერატურის განყოფილებისა და ამერიკული კუთხის პრეზენტაციით გახსნა.

ჯონ ბასმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ამერიკული კუთხის ქუთაისში არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ამ დღეს, ოცი წლის წინ, თბილისში პირველად გავხსენით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კარი. სიმბოლურია დღეს, ოცი წლის შემდეგ, ქუთაისში ამერიკული დაწესებულების გახსნა, იმ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი დიდი ისტორიით. ამერიკის შესახებ დაინტერესებული ადამიანებისათვის ეს არის ინგლისური ენის შესწავლისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა,“ – აღნიშნა ჯონ ბასმა.

ქუთაისში გახსნილი ამერიკული კუთხე, მომხმარებელთათვის, ასევე, უზრუნველყოფს ინგლისურენოვანი წიგნების, ფილმების, ინტერნეტ-რესურსებისა და ჟურნალების მიწოდებას.

,,ღირსშესანიშნავი ფაქტია ამერიკული კუთხის მოწყობა ქუთაისში. ეს არის ამერიკის საელჩოსა და ქუთაისის თვითმმართველობის მიერ განხორციელებული საერთო პროექტი,“ – ამბობს ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.

,,საელჩომ დანაპირები შეასრულა და დღეს უკვე ამერიკული კუთხე გაიხსნა. აქ არის არაჩვეულებრივი ლიტერატურა წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ,“ – ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment