ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ნაგავსაყრელების მოწყობის უფლება ჩამოერთვათ. ნაგავსაყრელების მოწყობას მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიწყებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილელების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 wels სახელმწიფო ქონების განკარგვის გზით, კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნო, რომლის 100%-იანი წილი, მართვის უფლებით, რეგიონალური გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა გადაეცეს. ახალი უწყება, კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის პირველი მაისიდან თვითმმართველ ერთეულებში ნაგავსაყრელების მოწყობას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციას განახორციელებს, ხოლო 2013 წლის პირველი იანვრიდან ქუჩების დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სამუშაოების ორგანიზებასაც უზრუნველყოფს. „მოხდება მხოლოდ ნაგავსაყრელების ერთ ბაზაში მოქცევა. რაც შეხება ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების ფუნქციას, სავარაუდოდ, 2013 წლიდან, მოხდება მისი ცენტრალიზება. დასუფთავება ძვირადღირებული სფეროა, ამიტომ ამ ფუნქციის ჩამოშორებით უფრო მეტ თანხებს დავზოგავთ,“ - ამბობს ქუთაისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით იგეგმებოდა, თვითმმართველობებისთვის ჩამოეშორებინათ, როგორც ნაგავსაყრალების მოწყობის, ასევე, დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა დაგეგმვა და განხორციელების უფლებამოსილებები. თუმცა, კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებული ვარიანტით, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის მხოლოდ ნაგავსაყრელების მოწყობის უფლების ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღეს. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოება, ასევე, მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას უკვე ახორცილებს გერმანული კომპანია INFRASTRUKTUR & Umwelt professor dohen and partner. გერმანულმა ფონდმა KFW-მ უკვე გააფორმა ხელშეკრულება გერმანულ ფირმასთან INFRASTRUKTUR & Umwelt professor dohen and partner-თან. თავის მხრივ, გერმანულ ფონდს ხელშეკრულება დადებული აქვს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან.
რაც შეეხება დასუფთავების ღონისძიებებს, მას ქუთაისში შპს „ქუთსერვის ჯგუფი“ ახორციელბს, სადაც დახლოებით 350 ადამიანია დასაქმებული.
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სამსახურის ფუნქცია დაეკისრება, თვითმმართველობებს დასუთავებიდან მიღებული შემოსავლისა და ამ სფეროში არსებული ქონების დათმობა მოუწევს.
გასულ წელს ტექნიკური ბაზის გაახელება ქუთაისის მერიას 200 000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხაში 5 ერთეული 18-20 კუბიანი ნაგავშემკერებისა და 3 ოპერატიული მანქანის შესყიდვა მოხდა. გარდა ამისა მერიამ ნაგვის კონტეინერები და ურნები შეიძინა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ტექნიკას 5 ერთეული ახალი ნაგავშემკრები მანქანა დაემატა.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment