Monday, April 9, 2012

„ქრისტიანობა არის არჩევანი“


საქართველოში რელიგიური ცხოვრება აქტიურ ფაზაშია. სახეზეა ბევრი რელიგიური აქტივისტიც, თუმცა მათი სიმრავლის მიუხედავად, ცოტაა ისეთი, რომელთაც რელიგიური კუთხით აღძრულ სხვადასხვა პრობლემატურ კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლიათ. თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი სწორედ იმ „უმცირესობას“ წარმოადგენს, რომელსაც კითხვებზე პასუხები აქვს. ალბათ, ამ კითხვების (თუ პასუხების) გამოძახილია მისი სადოქტორო თემაცსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ კონტექსტებში, რომელზეც იგი ბავარიის ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტში მუშაობს.

ჩვენი სტუმარია თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

- თქვენ დღეს გერმანიაში იმყოფებით, მინდოდა მეკითხა, რა ტიპის ქვეყანაა საქართველო დისტანციიდან, თანაც სწორედ რელიგიური კუთხით?

ß´- საინტერესო შეკითხვაა, რადგან მოსაზრება, რომ საკუთარ კულტურას და ქვეყანას შორიდან უფრო შეიცნობო, მართალი აღმოჩნდა. ძალიან ბევრ რამეს შევხედე სხვაგვარად და ამაზე ვრცლად შეილება საუბარი. უბრალოდ ხუთ უმთავარეს განმასხვავებელ ნიშანს გამოვყოფ, რომელიც ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში განსაკუთრებით თვალშისაცემია შორეული პერსპექტივიდან. ესენია: ზედაპირულობა, სიზარმაცე, ფარისევლობა, მლიქვნელობა და უსინდისობა. საქართველოში უამრავი სტერეოტიპული მოსაზრება ვრცელდება ევროპულ ქვეყნებსა და საზოგადოებაზე. ყველას გონია, რომ ევროპა რაღაც მონოლითური საზოგადოებაა და არავის არ ახსოვს მისი უმთავრესი ღირსება - საოცარი მრავალფეროვნება.

- რამდენად გჯერათ, ან უბრლოდ რამდენად არის შესაძლებელი შთამომავლობით, გენით, მამა-პაპით, ჯიშით ქრისტიანობა? თუ ქრისტიანობა მაინც არჩევანია?

- Bბუნებრივია, საბოლოო ჯამში ქრისტიანობა არის არჩევანი, სადამდეც პიროვნება ფიქრის, გააზრებებისა და შინაგანი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ უნდა მივიდეს. ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრალურ სწავლებას წარმოადგენს, სწავლება პიროვნული ხსნის შესახებ. აქედან გამომდინარე, არანაირი გენური ქრისტიანობა არ არსებობს თეოლოგიური თვალსაზრისით. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთის მხრივ, რელიგიათა უმრავლესობა და განსაკუთრებით ე.წ. ტრადიციული რელიგიები მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი კულტურებთან, ეთნიკურ იდენტობასთან.Mმეორეს მხრივ,Yძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ და რომელი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მიერ ხდება ადამიანთა სოციალიზაცია მათი ჩამოყალიბების ასაკში.Gგერმანელი თეოლოგი რაინერ ბუხერი (Reiner Bucher) რელიგიური საზოგადოების ასეთ ტიპს უწოდებს - წარმომავლობის ბედისწერით განსაზღვრული რელიგიურობის მქონე საზოგადოებას“ (Herkunftsbezogene religiöse Schicksalgemeinschaft). ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი (ხშირად მას ცალკე რელიგიადაც კი აღიქვამენ) სწორედ წარმომავლობის გამოა და ის არანაირ პიროვნულ არჩევანს არ წარმოადგენს. Aამ მოვლენის ნორმალურობის დასამტკიცებლად იქმნება უამრავი მითი, ფსევდოთეოლოგიური სწავლება, ფოლკლორული ეკლესიოლოგია და ა..

- რიგითი ქართველისთვის საამაყო თემას წარმოადგენს ჩვენი რელიგიური წარსული, ქართველების ორიათასწლოვანი მართლმადიდებლობა, ორიათასწლოვანი რელიგიური გამოცდილება. აისახება თუ არა ეს გამოცდილება იმ რელიგიურ ფონზე, რაც დღეს საქართველოში სუფევს?

ß- საერთოდ ნელად თუ მოიპოვება ალბათ დედამიწაზე კიდევ სხვა ერი, რომელსაც ისეთივე უცნაური დამოკიდებულება ექნება საკუთარ წარსულთან, როგორც ეს ქართველებს გააჩნიათ. ერთი შეხედვით, თითქოს და ვართ ისტორიული ცნობიერებით გაჯერებული საზოგადოება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ისეთი ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს საკუთარ წარსულზე, მეტი რომ არ შეიძლება. მსგავსი ზედაპირულობა არსებობს რელიგიურ წარსულთან დაკავშირებითაც. უბრალოდ მოქალაქეები არ იცნობენ მნიშვნელოვან ფაქტებს ამ კუთხით. არც ამ ფაქტების ახალი ინტერპრეტაციის მართებულობის გადამოწმების სურვილი უჩნდებათ. რის გამოც, ადამიანთა გარკვეულ წრეებს საშუალება ეძლევათ შექმნან უამრავი მითი ჩვენს რელიგიურ წარსულთან დაკავშირებით და საზოგადოებას შესთავაზონ იდეოლოგიზებული, მიზნობრივად ინტერპრეტირებული ვარიანტები ისტორიული ხდომილებებისა.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება იმთავითვე გადაეჯაჭვა სამეფო კარისა და ფეოდალური წრეების ინტერესებს, შესაბამისად ეკლესია თავიდანვე მოთავსდა ფეოდალურ პარადიგმაში და ნამდვილი ქრისტიანული ქმედებების განხორციელებას მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები ახერხებდნენ. ისინი მართლაც წარმოადგენენ საქართველოს ეკლესიის მარგალიტებს, მაგრამ მათი რიცხვი სამწუხაროდ ძალიან მცირეა. უბრალო ადამიანები კი ავტომატურად ასრულებდნენ საეკლესიო წესებსა და რიტუალებს, ემორჩილებოდნენ დადგენილ საეკლესიო კანონებს. მაგრამ ქრისტიანობის უმთავრესი გზავნილის, ქერიგმის გავრცელება საქართველოში, მოსახლეობის დონეზე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მთელი რიგი ავბედითი ისტორიული განსაცდელების გამო ხშირი იყო ისტორიული განვითარების წყვეტებიც. დღევანდელი საზოგადოება არ არის ქრისტიანიზებული ამ სიტყვის ძირეული მნიშვნელობით და ეს მხოლოდ 70 წლიანი ათეისტური რეჟიმის დამსახურება არაა. დღეს ძალიან ბევრი საუბრობს რომ ქართული ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო კერებს, რაც მართლაც ასე იყო, მაგრამ ეს ნიშნავდა შემდეგს: ისინი უზრუნველყოფდნენ მხოლოდ კლერუსის, ანუ იმ ადამიანების სწავლა-განათლებას, რომლებიც მომავალში ეკლესიის მსახურები ხდებოდნენ. სრულიად პარადოქსულია ისიც, რომ ამ კუთხით ყველაზე ძლიერი და ცნობილი ცენტრები არა საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ არსებობდნენ. ამ სფეროში გადამწყვეტი აღმოჩნდა, დასავლური და აღმოსავლური სამონასტრო ცხოვრების წესის განსხვავებები. აღმოსავლური ბერ-მონაზვნობა, თავიდანვე იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი, უფრო მედიტატიური და განმხოლოების მოსურნე ადამიანებისათვის შექმნილ მშვიდ სავანეებს, მაშინ როდესაც დასავლური ბერ-მონაზვნობა თავიდანვე გამოკვეთილად სოციალური ხასიათისაა ...

ჩვენ ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივ მიმართებაში ვიმყოფებით ქრისტიანობასთან. გარეგნული წესების აღსრულებითა და ფორმალობებით ვკმაყოფილდებით. რაც არ უნდა შეუპოვარნი და მტკიცენი ვიყოთ ამ ფორმალობების დაცვის საქმეში, ისინი მაინც არ ნიშნავენ ქრისტიანობის შინაარს. პირადად ჩემთვის ქართულ საზოგადოებას არ ეტყობა, რომ მისი დიდი ნაწილი ქრისტიანია.

- არის თუ არა ქრისტიანობა დინების წინააღმდეგ სვლა? და თუ ასეა, მაშინ რატომ ასოცირდება დღეს ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა კომფორტთან?

- ქრისტიანობა ცალსახად არის დინების წინააღმდეგ სვლა და ნონკომფორმიზმი, მაგრამ ეს ალბათ ამ რელიგიის ყველაზე ძნელად შესასრულებელი მხარეა. სწორედ პირველ ქრისტიანთა რადიკალურმა დისიდენტობამ და მათმა გაბატონებული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ რელიგიის სწრაფად გავრცელების საქმეში. ქრისტიანთა გაბედულება და მამაცი სხვაგვარადმოაზროვნეობა შემდეგ საუკუნეებშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობის აზროვნების განვითარების საკითხში. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეკლესიის ისტორიაში ძნელია იპოვოთ წმინდა მამა, რომელიც სიცოცხლეში ისევ ეკლესიის მიერ არ იყო ტანჯული, რეპრესირებული და ხშირად ფიზიკურად ნაწამებიც კი. ისინი მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ აღიარა ეკლესიამ საკუთარი დოქტრინის მასწავლებელ მამებად.

დღევანდელ სამყაროში, ყველა რელიგიას, რომელსაც საკუთარ დოქტრინაში ასკეტიზმისა და იდეალებისათვის პირად წარმატებაზე უარის თქმა აქვს ცენტრალურ საკითხად, აქვს გადაუჭრელი პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღევანდელ დღეს, ყველა ადამიანი მოწოდებული და თითქმის „განწირულია წარმატებისათვის“. როგორ გინდათ დაარწმუნოთ ახალგაზრდა ადმიანი, რომ მან პრინციპების, ღირებულების გამო უარი თქვას კომფორტულად ცხოვრებაზე?! რაც თავისთავად გაბატონებული იდეოლოგიის მსახურებას და საკუთარ მოსაზრებებზე უარის თქმას მოითხოვს.

საქართველოში ოპორტუნიზმმა და მლიქვნელობამ უკვე არნახული მასშტაბები მიიღო. კრიტიკულ ხმას ახშობენ ყველგან და ყველა ფორმით. რადგან თავად საზოგადოებას აღიზიანებს კრიტიკული მიდგომები. უმრავლესობას ურჩევნია საკუთარი თავი დაიბრმავოს, დაიყრუოს და დაიმუნჯოს, ოღონდ კი ფსიქოლოგიური შემგუებლობა არ შეერყიოს. განსაკუთრებით გასაოცარი, ამ მხრივ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი დამოკიდებულებაა. არადა, თავად მისმა უწმიდესობამ, როდესაც მოსკოვში თეოლოგიურ განათლებას იღებდა, საკმაოდ კრიტიკული წერილი მისწერა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს მელქისედეკ III-ს (სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX–XX საუკუნეებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, გვ.59-60).

პირველი ნაწილი

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment