გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, საგამოცდო ცენტრების მონიტორინგი დაიწყო. დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა, ქუთაისის მე–17 საჯარო სკოლა მოინახულა, რომელიც 2012 წლის გამოცდებისთვის, 41–ე საჯარო სკოლას ჩაანაცვლებს. სულ, სკოლაში 70 სექცია განთავსდება. ,,აქტიური პერიოდი დაიწყო გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. პირველ რიგში, საჭიროა მოვაწესრიგოთ ის შენობები, რომლებშიც ჩვენ აპლიკანტებს მივიღებთ. წელს, გამოცდის ჩაბარების მსურველთა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა. 41 000 პედაგოგი და 36 000–ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ასე რომ, გვიწევს საგამოცდო ცენტრების გაფართოება. ქუთაისში, ერთ–ერთი საგამოცდო ცენტრის შეცვლა გახდა აუცილებელი. ყველა საგამოცდო ცენტრს დავათვალიერებთ და მოვაწყობთ იმისთვის, რომ აპლიკანტებმა გამოცდა კომფორტულ გარემოში ჩააბარონ,“ - აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
,,ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია. ჩვენ, მზად ვართ, ამ პასუხისმგებლობის აღებისათვის, რადგან გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს გამოცდები წარმატებულად ჩატარდეს ჩვენს სკოლაში,“ - ამბობს მე–17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ჯგერენაია.
საგამოცდო ცენტრების მომზადება ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება.
საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში იხსნება. 2012 წელს, საგამოცდო ცენტრების შენობები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისსა და ფოთში შეიცვალა.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment