ქუთაისში დასუფთავების გადასახადმა მოიმატა. დასუფთავების გაზრდილი მოსაკრებელი ძალაში 2012 წლის იანვრიდან შევიდა.
ქალაქის ტერიტორიების დასუფთავებისთვის მოსაკრებელი (ინდივიდუალური მეწარმებისთვის, იურიდიული პირებისთვის, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისთვის) 2011 წლის 17 ნოემბერს, ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული №138 დადგენილებით განისაზღვრა. დასუფთავების გადასახადი 1 კვ.მ-ზე 0. 03 ლარიდან - 0.58 ლარით გაიზარდა. აქამდე საწარმოები, ორგანიზაციები და იურიდიული პირები დასუფთავების მოსაკრებელს 1 კვ. მ-ზე 0. 50 ლარს იხდიდნენ.
ახალი ტარიფის გამო ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოხატავენ. „აქამდე დასუფთავების გადასახადს - 32 ლარს ვიხდიდი, ახლა 60 ლარის გადახდა მიწევს. კმაყოფილი ვერ ვიქნები. ორჯერ მომატებული გადასახადი უარყოფითად აისახება ჩემს ბიუჯეტზე", - ამბობს ქუთაისში მდებარე მაღაზია „ათასი წვრილმანის" წარმომადგენელი ელგუჯა ლაპარტყავა.
სასურსათო მაღაზიის მფლობელთა ნაწილი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას მომავალ არჩევნებს უკავშირებს. „არჩევნები მოდის და ბიუჯეტის შევსება უნდათ," - გვითხრა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდის მიზეზად ქუთაისის საპარლამენტო სტატუს ასახელებენ. „ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ქცევასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობაც იზრდება და ქალაქი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასუფთავებული. რისთვისაც საჭირო ხდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მომსახურეობის ხარისხის ამაღლება, ხელფასების გაზრდა. ამან განაპირობა ტარიფების გადასინჯვა. თვითმმართველობას აქვს უფლება განსაზღვროს ტარიფის ოდენობა,"“- აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების უფროსი ფრიდონ ბეშკენაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ ტარიფების დადგენა იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ფართის მონაცემით განისაზღვრა. „ტარიფი ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმიდან და ფართის მოცულობის მიხედვით არის დადგენილი. უმაღლესი სასწავლებლები 0.08 ლარით გაზრდილ გადასახადს გადაიხდიან, საბავშვო ბაღების გადასახადმა 0,15 ლარი მოიმატა, ხოლო სახელმწიფო ადმინისტარციულ დაწესებულებებისთვის ტარიფი 0,02 ლარით გაიზარდა", - აღნიშნა ფრიდონ ბეშკენაძემ.
დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას, გასულ კვირას, ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ საკრებულოს დადგენილება გააპროტესტა: „მერიაში შეიქმნა რაღაც ორგანო, დამატებითი რგოლი, რომელიც ამ გადასახადების გაზრდას კურირებს. ამ მუქთახორებს ჭამა ხო უნდათ? იმ დროს, როდესაც დაოსში მთელი ევროპა იკრიბება იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ შემცირდეს გადასახადები, ჩვენი ხელისუფლება დაკავებულია გადასახადების ზრდით, სამუშაო ადგილების შემცირებით, რათა შემდეგ ეს თანხა დახარჯოს ფანტანების შენებაში, ნაციონალური მოძრაობის წევრების ბათუმსა და ბაკურიანში დატრენინგებისათვის,"“- განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში დასუთავების ღონისძიებებზე 4 მილიონ 147 7 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით განსაზღვრულია ქალაქში მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა-გაუვნებლყოფის, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა-ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება. აქედან, ქალაქის დაგვა-დასუფთავების ღონისძიებებზე 2 959 000 ლარი უნდა გაიხარჯოს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებელყოფაზე 177 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის 1 011 700 ლარი არის ჩდებული ბიუჯეტში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის თანხის ოდენობის გაიზრდა არ იგეგემაბა. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი ტარიფი - 0. 50 ლარი ძალაში დარჩება. „ეს საკითხი არც კი განიხილება. 50 თეთრი საკმარისი თანხაა," - აღნიშნა დასუფთავების განყოფილების უფროსმა.
თეონა ხარაბაძე
No comments:
Post a Comment