Wednesday, February 29, 2012

გარეუბნებსა და ცენტრს შორის მიწის ფასი 20-ჯერ განსხვავდება


ქუთაისში, რიგითი მოქალაქეები მიწის შეძენას ვერ ახერხებენ. მიზეზად მიწაზე არსებული მაღალი ფასი სახელდება. ამგვარ განცხადებას ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, `ახალი მემარჯვენეების~ წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე აკეთებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებამ 29 თებერვალს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულომ ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, მათი საზღვრების აღწერისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისი 3 ზონად (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული) იყოფა. Aაქედან, პირველ და მეორე ზონაში 3-3 ქვეზონა გამოიყოფა, ხოლო მესამე ზონაში 4 ქვეზონა გვხვდება. თითოეულ ქვეზონაში 1კვ. მიწის ღირებულება განსხვავებულია. მაგალითად, თუ ქალაქის ცენტრალური ნაწილის პირველ ქვეზონაში 1კვ. მიწის ღირებულება 140.00 ლარია, მეორე ქვეზონაში ეს რიცხვი 91.00 ლარს შეადგენს. მესამე ქვეზონაში ფასი 42 ლარამდე ჩამოდის, ხოლო მეოთხე ქვეზონაში მიწის ღირებულება 7.00 ლარს შეადგენს.

მამუკა მღვდელაძის თქმით, ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მხოლოდ მსხვილი ინვესტორებისათვის არის ხელმისაწვდომი. მღვდელაძის თქმით, მიწის გასხვისების პროცედურები განსაკუთრებით მარტივდება, თუ მიწის შეძენა ქვეყნისა თუ რეგიონის პირველი პირების ინტერესებში შედის.

`ხოლო იმ მოქალაქეს, ვისაც ნამდვილად უნდა მიწის შეძენა და თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნა, ამის გაკეთებას ვერ ახერხებს. ასეთი ადამიანი უამრავია და კონკრეტული ფაქტები არსებობს. ქუთაისის გარეუბნებსა და ცენტრს შორის მიწის ფასი თითქმის 20-ჯერ არის განსხვავებული. მიწის ღირებულების მაღალი მაჩვენებლის გარდა, პრობლემას ბიუროკრატიული ბარიერებიც წარმოადგენს. შესაძლოა, Aადამიანმა ტყუილად გაიღოს დანახარჯი და აუქციონში ვერ გაიმარჯვოს,~ - ამბობს მღვდელაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ოპონენტი კოლეგის საპასუხოდ განმარტავენ, რომ მიწის შეძენისათვის საჭირო პროცედურებს კანონმდებლობა განსაზღვრავს. პროცედურები კი მოიცავს: განცხადების დაწერას, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების მიერ მიწის ნაკვეთის შესწავლას, მერიის მიერ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანასა და ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას.

`აუქციონზე ვინ გაიმარჯვებს, ამას კონკურენცია წყვეტს. Aამ ეტაპზე ნარჩუნდება მიწის ძველი ფასიც. ის ფასი, რომელიც 2011 წელს იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაგრძელდება სამუშაოები მიწის ფასთან დაკავშირებით. დამატებით შეისწავლება მიწის ფასი და რამდენიმე ზონაში შეიძლება მოხდეს მისი დაწევა. იმისთვის, რომ ამან გამოიწვიოს სხვადასხვა ბიზნეს წრეების დაინტერესება პერიფერიების მიმართ და იქ დამატებითი კაპიტალი შევიდეს,~ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი.

Qქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment