ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში" წარმოების პროცესი 2 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. ცნობილი ხდება, რომ საწარმო, ინდოელი მუშების გამოყენებით, ჯართის მცირე ნაკადის გადამუშავებას ახორციელებდა. ქართველი მუშების უმრავლესობა კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი", რომელიც ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარეობს, ქართულ-ინდური კომპანია შპს „ევრაზიანსთილსის" საკუთრებაა. ქარხნის მუშები საწარმოსთან დაკავშირებით საუბრისას სიფრთხილეს იჩენენ, თუმცა ამბობენ, რომ 2 თვის განმავლობაში სამუშაოს გარეშე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის ირაკლი ქართველიშვილის თქმით, ის ღუმელები, რომლებზეც ქართველი მუშახელი არის დასაქმებული, გაჩერებული იყო. ქართველიშვილი ამბობს, რომ ქართველმა მუშებმა გასული წლის დეკემბერში მხოლოდ 12 დღე იმუშავეს, მიმდინარე წლის იანვარში - 5 დღე. ამის შემდეგ საწარმოს თანამშრომლების ის ნაწილი, რომელთაც კუთვნილი შვებულება გამოყენებული ჰქონდათ, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ხოლო ვისაც შვებულება გამოყენებული არ ჰქონდა, მათ ანაზღაურებადი შვებულება ითხოვეს. ირაკლი ქართველიშვილის თქმით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშების ამ ნაწილის თხოვნა გაითვალისწინა და მათ ფასიანი შვებულება მისცა.
„ქარხანაში მუშაობის გაჩერების მიზეზები ჩვენთვის არავის აუხსნია. თუმცა ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან მუშების მიმართ ყურადღება ახლა უფრო იგრძნობა. საწარმოს სრული დატვირთვის პირობებში, ხელფასების მომატებასაც გვპირდებიან. თვეში 3 ბრიგადა მუშაობს. თუ თვის განმავლობაში 20 დღეს ვიმუშავებთ, ანაზღაურება 430-450 ლარამდე ადის," - ამბობს ირაკლი ქართველიშვილი.
გასული წლის სექტემბერში მეტალურგიული ქარხანა მუშების საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების მიზნით სამუშაო ტანსაცმელს ითხოვდნენ. მუშების თქმით, მოწესრიგდა სასადილო და დაინიშნა ტრანსპორტი, რომელიც მათ გადადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა, დაპირების მიუხედავად, ქარხანაში ამ დრომდე არ აღუდგენიათ პროფკავშირული აქტივობისათვის „დასჯილი" 3 მუშა. მათ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ერთ-ერთი მათგანის ირაკლი იობიძის თქმით, მას არც სამუშაოზე აღდგენის შესახებ უცხადებენ თანხმობას და არც გათავისუფლების შესახებ აძლევენ ოფიციალურ ბრძანებას.
„მითხრეს, რომ მომავალი წლიდან, როდესაც ქარხანა გაფართოვდება და დამატებითი მუშახელის საჭიროება იქნება, დამიძახებენ," - ამბობს იობიძე.
სამაგიეროდ, მალხაზ გოგიავა, ირაკლი იობიძე და ემელიანე გუმბერიძე საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ქუთაისის წარმომადგენლობის ოფისში დაასაქმა. ორგანიზაციამ ოფისის მოსაწყობად საჭირო ფართი ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №33-ში იქირავა. ოფისი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამუშავდება. საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ქუთაისის წარმომადგენლობა ყველა დარგობრივი პროფილის ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს. ხოლო ოფისის იურისტები ყველა იმ მუშის ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ სარჩელს მიიღებენ, ვინც ჩათვლის, რომ სამუშაოზე მისი, როგორც დასაქმებულის უფლებები შეილახა.
თამაზ დოლაბერიძე ქარხანაში „ჰერკულესში" საწარმოო პროცესის შეჩერების ფაქტზეც საუბრობს. მისი თქმით, ქარხანაში თითქოს დაიწყო სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, თუმცა რეალურად ვითარების გაუმჯობესებისათვის ცოტა რამ კეთდება. როგორც დოლაბერიძე ამბობს, საწარმო „ჰერკულესის" მუშები პროკურატურას კონტროლზე ჰყავს აყვანილი. თვეში ერთხელ იქ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შედიან და მუშების დაკითხვას აწარმოებენ.
„პროკურატურის 3 წარმომადგენლის ქარხანაში შესვლა იმ მიზანს ემსახურება, რომ მუშებს აქციების შედეგების სიმძიმე შეახსენონ. რათა მსგავსი რამის გაკეთება მათ მეორედ არ გაბედონ. სხვა მეთოდიც არსებობს იმის შესამოწმებლად, ქარხანაში რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა," - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.
ქარხნის ერთ-ერთი დირექტორი რომან ლებანიძე ქარხანაში წარმოების პროცესის შეწყვეტას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, საწარმოში ჩვეულ რეჟიმში მიდის მუშაობა.
„ასეთი პროფილაქტიკური გაჩერება ყველგან ხდება. ღუმელები შეიძლება გაჩერდეს 1 დღეს და მეორე დღეს ამუშავდეს. ჩვენი ნედლეული არის ჯართი. ქარხანაში 2 ძირითადი საამქროა, სადაც დნება ფოლადი. 24-საათიანი მუშაობა გვაქვს. ყინვები იყო, ამიტომ ტრანსპორტი ვერ ჩამოვიდა. მუშაობისათვის ჯართის მარაგი უნდა იყოს, რომ ღუმელების ჩართვა-გამორთვა არ მოგვიწიოს," - ამბობს რომან ლებანიძე.
ქარხანა „ჰერკულესის" ერთ-ერთი დირექტორის რობერტ ტომარაძის თქმით, ქარხანაში სამუშაო პროცესი მხოლოდ 4 დღით, მიმდინარე წლოს 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით იყო შეჩერებული. მიზეზად ტომარაძემ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება და ნედლეულის არასაკმარისი ოდენობა დაასახელა.
რობერტ ტომარაძე ქარხნის ირგვლივ გავრცელებულ ხმებს უსაფუძვლოს უწოდებს და საწარმოს სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, აქციებმა „ჰერკულესის" ტერიტორიაზე ახალი ქარხნის მშენებლობის პროცესი შეაფერხა. თუმცა სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ განახლდა. ახალი საწარმო კვლავ ინდური ინვესტიციით კეთდება. მისი მფლობელი, ასევე, შპს „ევრაზიანსთლსია". ამ ეტაპზე საწარმოში 540 ქართველი და ინდოელი მუშა არის დასაქმებული. როგორც ტომარაძე ირწმუნება, ახალი ქარხნის ამოქმედება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და იქ კიდევ 540 მუშა დასაქმდება. თუმცა ამ დროისთვის ტომარაძე არ ფლობს ინფორმაციას, როდის მიიღებს ქარხანა დასრულებულ სახეს.
„დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ინვესტორს ქარხანასთან დაკავშირებული გეგმები არ შეეცვალა. მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აქციების პროცესმა შეაფერხა," - ამბობს რობერტ ტომარაძე.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment