ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში ონკანიდან ტალახიანი წყალი მოედინება. აღნიშნულის თაობაზე „ახალ გაზეთს“ მოსახლეობამ მომართა. მათი განმარტებით, დაბინძურებული წყლის მიწოდება რამოდენიმე თვეა გრძელდება. ,,ეს არ არის წყალი, ეს არის ტალახი, რომლითაც რა თქმა უნდა ვერ ისარგებლებ. ვერიდები გამათბობლის ჩართვასაც, ვინ გამიკეთებს რომ გაფუჭდეს?,“ - ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში მცხოვრები მარინე ჭეიშვილი.
მოსახლეობის თქმით, დღეს წყალმომარაგება საერთოდ შეწყდა.
თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებელები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სამსახურის ცხელ ხაზზე მათი მხრიდან განხორციელებული ზარები მხოლოდ გვარისა და მისამართის ჩანიშვნით შემოიფარგლება. მოსახლეობის თქმნით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ პრობლემის დადგენისა და გადაწყვეტის საკითხი იგნორირებულია.
,,ბევრჯერ დავრეკეთ ცხელ ხაზზე, თუმცა ჩართულობა მათი მხრიდან პრობლემის მოსმენასა და კოორდინატების ჩაწერას ვერასოდეს გასცდა. არავინ მოსულა სიტუაციის შესამოწმებლადაც კი. მე სარეცხი მანქანა გამიფუჭდა ამ წყლის გამო“, - ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში მცხოვრები ლელა ბოჭორიშვილი.
„ახალი გაზეთი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს დაუკავშირდა. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ, მათი სამუშაო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდა. თუმცა წყლის აღებულ სინჯში დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირდა.
„სამუშაო ჯგუფი ადგილზე 11 თებერვალს გავიდა. აიღეს წყლის სინჯი და მასში არაფერი აღმოჩნდა. ახლა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხორციელდება წყლის ახალი ქსელის გაყვანა და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს წყლის გარეგანი დაბიძურება. დღეს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე შეწყვეტილია წყალმომარაგება, რადგან მიმდინაროებს სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც კი წყალი მოვა, კომპანიის სამუშაო ჯგუფი კვლავ გავა ადგილზე და თავიდან აიღებს სინჯს, რათა შემოწმდეს სასმელი წყლის სისუფთავე,“ - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურში.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment