ქუთაისში ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე საშუალოდ 380 მ3 (3,8 ტონა) საყოფაცხოვრებო ნარჩენი გააქვთ. მიუხედავად ამისა, ქალაქში არსებული მდინარის ნაპირები და მცირე არხები დასუფთავების კუთხით სავალალო მდგომარეობაშია. წყალში ჩაყრილმა ნარჩენებმა გამოიწვია მათი არამხოლოდ დაბინძურება, არამედ მდინარე რუასა და მდინარე წყალწითელას განადგურებამდე მიყვანა. გარემოსდამცველები ეკოლოგიურ რისკებზეც საუბრობენ.
ქუთაისში, სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მცირე არხი საგანგაშოდ დაბინძურებულია. აღნიშნული არხი საცხოვრებელი კორპუსებისა და საავადმყოფოს წინ გადის. ანტისანიტარიული პრობლემა კი უკიდურესად მძიმეა, განსაკუთრებით ზაფხულობის პერიოდში, როდესაც არხი შრება და მღრღნელების, ძაღლებისა თუ მწერების „ნავსაყუდელად" იქცევა. „ზაფხულობით გაუსაძლისი მდგომარეობაა, ბუნკერებში ტარაკნები, მატლები ჩნდება, შემდეგ ბინებში შემოდის და მერე თვითონ მოსახლეობა ვწამლავთ," - ამბობს ადგილობრივი მოსახლე შურა გოგოხია.
მოსახლეობის თქმით, მუდმივად ხედავენ, თუ როგორ ყრიან არხში ნარჩენებს საცხოვრებელი კორპუსების მაღალი სართულებიდან მეზობლები. თუმცა, მათი თქმით, ბოლო 4 წელია არხი არავის გაუწმენდია. ,,მე როგორც ვიცი, ეს არხები ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იწმინდებოდეს. ამ ახლო პერიოდში არ დამინახავს ვინმეს ეს არხები გაესუფთავებინოს. ასეთი მდგომარეობა მოსახლეობის ბრალიცაა," - ამბობს კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მარკეტის გამყიდველი ლუდმილა მებურიშვილი.
ანალოგიური სურათი დაგვხვდა ავტოქარხნის დასახლებაში არსებული კიდევ ერთ არხის მონახულებისას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის გარეთა ტერიტორიაზე არ დგას ნაგვის ურნა, რის გამოც იქვე არსებული მაღაზიებიდან გამოტანილი ნარჩენები არხში ხვდება.
განსაკუთრებულად კრიტიკულ მდგომარეობაშია ბუაჩიძის ქუჩის №2 შესახვევის ბოლოს მდებარე არხი. როგორც გაირკვა, აღნიშნული არხი მოსახლეობამ თვითნებურად გადააქცია სანიაღვრედ და მას საკანალიზაციო მილები მიუერთეს. ფეკალური მასების ჩადინების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი და სიბინძურეა. „ადრე არხის სიღრმე იყო, ახლა ამოვსებულია ხეხილით. არ ხდება წყლის გადინება და ფაქტიურად დამყაყებულ ტბად არის ქცეული. მოსალოდნელია ეპიდემია", - ამბობს ზემოთაღნიშნული ქუჩის მცხოვრები ჰამლეტ ბობოხიძე.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში დასუფთავების კუთხით გამოყოფილი თანხა 2 მილიონ 336 000 ლარს შეადგენს. მერიის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფას შემოდგომისთვის (თარიღი არ აქვთ დაზუსტებული) გეგმავენ. 2012 წლის ნარჩენების მართვის სისტემა გულისხმობს: ვიდეოკამერების მონტაჟს, ახალი ტექნიკის შეძენასა და ქალაქის დასუფთავების საქმეში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
პრობლემის მოგვარების საკითხებში ექსპერტები განსაკუთრებულ როლს სწორედ საზოგადოების იმ ნაწილს აკისრებს, რომელთაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიმოფანტვა ერთგვარ ჩვევად აქვთ ჩამოყალიბებული. „პრობლემის გამოსწორებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რადგან საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს ისე, რომ მიეჩვიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში მოთავსებას. თორემ ქმედება უკუქმედებას იწვევს და ბუნებაც შესაბამის შედეგს მოგვიტანს," - აცხადებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები" ქუთაისის კოორდინატორი თემურ კეპულაძე.
გარემოსდამცველთა განმარტებით, მდინარეებში ჩაყრილმა ნარჩენებმა ძალიან მალე შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ გლობალურ პრობლემებთან, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარის მდგომარეობის გაუარესება, მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის სისტემური დეფიციტი, ფლორისა და ფაუნის ეკოსისტემების მოშლა, მდინარეების ბინადართა გადაშენება და მეტიც, საფრთხემ შესაძლოა გლობალური ფართობით ზღვაც მოიცვას. „ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ორგანულ ნივთიერებეს, ხელს უწყობს ისეთი წყალმცენარეების გავრცელებას, რომელიც იწვევს ჟანგბადს დეფიციტს წყალში. ასეთ დროს მდინარეები ფაქტიურად მკვდარია", - აღნიშნავს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი"-ს ეკოლოგიური პროგრამების მენეჯერი ლალი გიორგაძე.
„მოსახლეობაში არსებობს მცდარი აზრი: „წყალი ყველაფერს აიტანს და გაიტანს". ეს არასწორია. მდინარე ,,რუასა" და „წყალწითელას" მდგომარეობა საგანგაშოა. თუ მოსახლეობამ არ გაითავისა თავისი წვლილი პრობლემის მოგვარებაში, მაშინ რას იზამს მარტო ხელისუფლება?!" - აცხადებს „სპექტრი" - ს გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ცხაკაია.
ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს არხებს კონტროლზე აიყვანენ. ასევე, მოხდება გამწვანების ზოლის დაცვა, რომელსაც უხელმძღვანელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფლორა". გარდა ამისა, დასუფთავების სამსახურის შაბათობის დღეების მოწყობას გეგმავს, რომელშიც მოქალაქეები სურვილისამებრ ჩაერთვებიან.. „არხების გაწმენდა ძალიან სპეციფიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ამინდის გამოსვლისთანავე, როცა ქალაქში გასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა, საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებთან ერთად, საკრებულო და ქალაქის მერია მთლიანი შემადგენლობით გავალთ და სადაც შესაძლებელი იქნება, იმ ნაპირებს გავასუფთავებთ. მთავარია, რომ გაწმენდის შემდეგ არხებისა და ნაპირების მოვლა-პატრონობა მოხდეს", - ამბობს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ფრიდონ ბეშკენაძე.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ ობიეტექბსა და დაცულ ტერიტორიებზე ნაგვის უკანონო დაყრისათვის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დელეგირებული კანონის თანახმად (146 მუხლის 6 ნაწილი), ჯარიმის თანხა (დამნაგვიანებლისთვის) განისაზღვრება 200 ლარიდან, ხოლო 1000 ლარი იმ კომპანიას დაეკისრება, რომელიც კონკრეტული ტერიტორიის სისუფთავის დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment