ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სპეცოპერაცია „ენვერის" შედეგად დაკავებული პირების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. 17 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი: ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული 9 პირიდან 6 კვლავ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხოლო დანარჩენ 3 პირს სასჯელის ზომა გაეზარდა. „ენვერის" მონაწილეთა საქმეს საიდუმლოობის გრიფი ადევს. შესაბამისად, ბრალდებულთა ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ ეძლეოდათ. გასაიდუმლოებული იყო საქმის მასალებიც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია „ენვერი" 2010 წლის ოქტომბერში ჩაატარა. ძალოვნებმა ოპერაციის შედეგად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. „გრუსთან") ფარულ კავშირში მყოფი პირები აიყვანეს. სპეცოპერაციის შედეგად 15 პიროვნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. დაკავებულ პირებს შორის არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები: ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე. ბიზნესმენები - ბაკურ კიღურაძე, არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი და პეტრე დევრიშაძე. ასევე, „გრუ"-ს მეკავშირე იური სკრილრპნიკოვი. დაკავებული ადამიანებიდან 2 მათგანს - გაბრიელ უსტალიშვილსა და პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დანაშაულის აღიარების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
სპეცოპერაცია „ენვერთან" დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაციის ფარგლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა „გრუში" საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი მიავლინა.
მის ფუნქციას რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობის მოპოვება და მათ სტრუქტურაში მუშაობის დაწყება წარმოადგენდა. დავალების შესასრულებლად აღნიშნულ პიროვნებას სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა გადასცეს, რომლის მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რამაც ქართულ მხარეს „გრუს" მუშაობის სპეციფიკის შესწავლის შესაძლებლობა მისცა.
„ენვერის" მეშვეობით დაკავებულ პირებს ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით წაუყენეს. მათ რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებოდნენ.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირები თბილისში, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მსჯავრდებულთა ახლობლების თქმით, ამ ხნის განმავლობაში მათ ოჯახის წევრებთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონდათ და არც იქ არსებული პირობების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას.
ზემოთაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გასული წლის 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ჯაშუშების საქმის" განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 ივლისს დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი სასჯელს კვლავ გლდანის №8 დაწესებულებაში იხდიან.
დაკავებულთა ახლობლების განმარტებით, საქმის კვლევა როგორც ძალოვან, ისე მართლმსაჯულების სისტემაში მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა. მათი თქმით, საქმის მასალებში ჩახედვის უფლება ბრალდებულების ადვოკატებს სასამართლო პროცესზე მხოლოდ 5 წუთით მისცეს. გარდა ამისა, როგორც ბრალდებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე მუშაობას ადვოკატები გაურბიან. მათი თქმით, ერთ-ერთი ადვოკატი გოჩა საღრიშვილი, რომელიც საქმეში ნამდვილი გარემოებების დადგენის მიზნით აქტიურობდა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გარდაიცვალა. საღრიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის წინა დღეს დაიღუპა.
როგორც პატიმართა ოჯახის წევრები ამბობენ, ბათუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის უფლება არც ადვოკატს, არც პატიმრებსა და არც მათ მიეცათ.
„საქმის მასალებს არავინ იცნობს. ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ეს ადამიანები, თუმცა არავინ იცის რა ფაქტების საფუძველზე ამტკიცებენ მათ დანაშაულებრივ ქმედებას. ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა: „სამუდამო პატიმრობაზე წავალ, მაგრამ ამ დანაშაულს არ ვაღიარებ, უდანაშაულო ვარო", -ამბობს გელა კაკაბაძის მეუღლე იამზე დოლიძე.
გელა კაკაბაძის მსგავსად, ძალოვან უწყებებთან ამ დრომდე არც სხვა მსჯავრდებულები თანამშრომლობენ. პატიმართა ოჯახის წევრები საქმის პოლიტიკურ ნიადაგზე საუბრობენ. ისინი არც იმ ფილმში მოცემულ ვერსიას იზიარებენ, რომელიც „ენვერის" შესახებ გადაიღეს.
ფილმის მიხედვით, დაკავებული პირები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ბიზნესმენ რუბენ შიკოიანის დის, ნონა შიკოიანის თქმით, სპეცოპერაციის ჩატარებამდე არც ბრალდებულები იცნობდნენ ერთმანეთს და არც მათი ოჯახის წევრები. ნაცნობობა მხოლოდ მფრინავებს აკავშირებდათ. მფრინავ გელა კაკაბაძის მეუღლეს მიაჩნია, რომ მფრინავები თავიანთ საქმეში ძალიან ძლიერები იყვნენ და მათი თავიდან მოშორება ამიტომაც გადაწყვიტეს.
„ეს მფრინავები ასლან აბაშიძემ გამოზარდა. მათ აბაშიძის მიერ რუსეთიდან ჩამოყვანილი მფრინავები ასწავლიდნენ. ჩვენი ბიჭები შემდეგ თბილისში ნასწავლ ბიჭებს უტარებდნენ ფრენის გაკვეთილებს. პროკურორმა ჰკითხა ჩემს მეუღლეს, რატომ დაამთავრე რუსული სკოლა და რატომ იმსახურე რუსულ ჯარშიო," - ამბობს იამზე დოლიძე.
ბრალდებულების ოჯახის წევრთა თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ ძალოვნები ბრალდებულების სახლებში მათი ჩხრეკის მიზნით შევიდნენ. თითოეული სახლიდან საგამომძიებლო ორგანოს თანამშრომლებმა ერთი და იმავე ფერის ჩიპები („ფლეშკები") ამოიღეს. პატიმართა ახლობლები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩიპები ძალოვნებმა თავად მიიტანეს მათ სახლებში.
პატიმართა ოჯახის წევრების თქმით, მსჯავრდებულები ცუდ პირობებში იმყოფებიან. როგორც ისინი ამბობენ, ჟანგბადის ნაკლებობის გამო მსჯავრდებულებს სახეზე ფერი არ ადევთ, ხოლო ფიზიკურად მინიატურებს ჰგვანან. ოჯახის ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და ძალოვნების მხრიდან ერთგვარ კონტროლზე არიან აყვანილი.
„ეს ბიჭები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდნენ. მათ ორდენები და სიგელები აქვთ მიღებული. ადვოკატები პროცესიდან გაგიჟებული გამოდიან. ამბობენ, ნურაფერს გვკითხავთ, ასეთი საქმე ჯერ არ გვინახავსო. ისიც თქვეს, რომ მოსამართლე ენას ვერ იღებდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა ამ ბიჭების წინაშე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან არაფრის მოლოდინი გვქონდა. უბრალოდ გვინდა ეს ინსტანციები გავიაროთ, რომ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავგზავნოთ. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებაა," - ამბობენ პატიმართა ახლობლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ენვერის" საქმის მონაწილეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარე წლის 3 ინვრიდან დაიწყო. იანვრიდან დღემდე ქუთაისის სააპელაციო საამართლოში 7 სხდომა გაიმართა. უკანასკნელი ორი გასულ კვირას ჩატარდა. საქმეს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა განიხილა. 17 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ედუარდ აბდულაევის, არმენ გევორქიანის, რუბენ შიკოიანის, ტარიელ აბაშიძის, დავით მესხიძისა და გოჩა დიასამიძის სასჯელი 11-11 წლით განისაზღვრა. გელა კაკაბაძეს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო რუსლან გალოგრისა და იური სკრილნიკოვის პატიმრობის ვადა 14-14 წლით განისაზღვრა.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment