2012 წლის იანვრიდან დღემდე ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის 29 დაზარალებულმა მიმართა. აქედან 21-მა აცრა უცნობი ძაღლის დაკბენის გამო ჩაიტარა, ხოლო 8 დაზარალებულზე კატის დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა.
საგანგაშოა გასული წლის მონაცემებიც: 2011 წელს ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის მიმართვიანობის რიცხვი 2700-მდე ადამიანს შეადგენდა. აქედან 175 დაზარალებული უცნობი კატისაგან იყო დაკბენილი, ხოლო 290-მდე ადამიანი- უცნობი ძაღლისგან. აღნიშნული მონაცემების ფონზე, ქუთაისის ქუჩებში არსებული მაწანწალა ცხოველების რაოდენობის დადგენა, მათი ყოველდღიური მატების გამო, ვერ ხერხდება. ამასთანავე, როგორც ირკვევა, ქუთაისის მოსაზღვრე სოფლებიდან და რაიონებიდან მოსახლეობა მათთვის არასასურველ ცხოველებს საკუთარი ავტონაქანებიდან პირდაპირ შუა გზაზე ტოვებს.
,,ქუჩის მაწანწალა ძაღლების პრობლემა დღემდე უცვლელი და მტკივნეული თემაა. ხშირად დამინახავს სპეციალურად მათ წასაყანად მოსული ხალხი. თუმცა პრობლემის მოგვარება დროებითია, რადგან მეორე კვირას იგივე სურათს ვხედავთ,“ - ამბობს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მცხოვრები ხათუნა პავლიაშვილი.
გამოკითხული მოსახლეობის თქმით, მაწანწალა ძაღლების მომრავლების საკითხი, გარკვეულწილად, ქუთაისის მოსაზღვრე სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე გადის. ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ზესტაფონი - ეს ის რაიონებია, საიდანაც ძირითადაც ძაღლები ქალაქში შემოდის. ,,მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ სოფლებიდან თვითონ მოსახლეობას მოჰყავს ძაღლები, რომლებიც ან ავადაა, ან უბრალოდ აღარ სჭირდებათ. გამომდინარე იქედან, რომ ეს ტერიტორია ტყიანი მხარეა, აქ ტოვებენ ძაღლებს. ეს სწორედ ის ძაღლებია, შემდეგ რომ ედება ქუთაისის ტერიტორიას,“ - ამბობენ რიონგესის დასახლებაში.
2011 წელს ქუთაისის ბიუჯეტში მაწანწალა ძაღლების იზოლაციისათის გამოყოფილი თანხა 40 000 ლარს შეადგენდა. ტენდერით შერჩევის საფუძველზე პრობლემის მოგვარების პრეროგატივა შ.პ.ს ,,კაგო“-ს ხვდა წილად. თუმცა მან მხოლოდ რვა თვე იმუშავა. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, შერჩეული კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები, ასევე, არ შეიძინეს სპეც-დანიშნულების გადამყვანი ტექნიკა, რის გამოც მათთან ხელშეკრულება გაუქმდა. კონკურენციისა და შესაყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად შპს „კაგო“ 2011 წლის 11 ოქტომბერს შავ სიაშია შეყვანილი.
2012 წელს ხელახლა ჩატარებულ ტენდერში კომპანია ,,ქუთსერვის ჯგუფმა“ გაიმარჯვა, რომელსაც თებერვლიდან აღნიშნული პრობლემის მოწესრიგება დაევალა. თუმცა უკვე 2-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით.
ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში უპატრონო ძაღლების მართვისათვის გამოყოფილი თანხა ამჯერად 80 000 ლარს შეადგენს. კეთილმოწყობის სამსახურის მოთხოვნა, ქალაქიდან მსხვილფეხა და წვრილფეხა მაწანწალა ცხოველების, ძაღლებისა თუ კატების იზოლირება გახლავთ. „ქუთსერვის ჯგუფი“ - ის კომპეტენციაში არა მხოლოდ ძაღლებისა და კატების, არამედ პირუტყვის იზოლირება და კონტროლი შედის.
ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული №105 დადგენილების მიხედვით, ქუჩაში მყოფი პირუტყვის აღმოჩენის შეთხვევაში, პატრონს ჯარიმის გადახდა მოუწევს. სკვერსა თუ გამწვანების ზოლში პირუტყვის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, ხოლო სხვა ტერიტორიაზე მათი დაფიქსირების შემთხვეაში ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრება.
როგორც ირკვევა, არასაჭირო ადგილზე აღმოჩენილი პირუტყვი „ქუთსერვის ჯგუფს“ მის კუთვნილ ტერიტორიაზე (ქუთაისი, გუგუნავას №16) გადაჰყავს. პატრონის მიერ ცხოველის მოძიების შემთხვევაში, მან მუნიციპალიტეტიდან უნდა წარადგინოს ცნობა, რომლითაც დამტკიცდება, არის თუ არა პირუტყვი ნამდვილად მისი კუთვნილება. შემდეგი პროცედურა „ქუთსერვის ჯგუფის“ მიერ გაცემული ცნობაა, რომლის საფუძველზეც უკვე მეპატრონე მერიაში იხდის ჯარიმას.
ვინაიდან ქუთაისში არ არსებობს მაწანწალა ძაღლებისთვის სპეციალური შენობა, სადაც მათი მოთავსება მოხერხდება, დაჭერილი უპატრონო ძაღლები „ქუთსერვისის“ თანამშრომლებს ქალაქგარეთ, ტყიან ადგილებში დასატოვებლად გაჰყავთ.
,,ამ ეტაპზე მაწანწალა ძაღლები, რომლებსაც ქუჩაში ვიჭერთ, ვათავსებთ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ მათ პატრონი არ გამოუჩნდათ, ისინი ქალაქიდან 20-30 კილომეტრის მოშორებით გაგვყავს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ უპატრონო ძაღლებისათვის თავშესაფარის მშენებლობას, ამ პრობლემის გაუმჯობესების მიზნით“, - ამბობს „ქუთსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლაშა დვალიშვილი.
,,ქუთსერვის ჯგუფი“ 280 თანამშრომლისგან შედგება და მათი მოვალეობა არა მხოლოდ უპატრონო ცხოველთა იზოლირება, არამედ დასუფთავების საკითხების მოგვარებაცაა. მაწანწალა ცხოველების იზოლაციის ჯგუფი ორ გუნდაა დაკომპლექტებული, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური მანქანით, დილისა და საღამოს საათებში შემოვლას ახორციელებს. ასევე, შექმნილია ცხელი ხაზი (26 57 36). კომპანიაში აცხადებენ, რომ ფიქსირდება კერძო ზარებიც, როდესაც პატრონს სურვილი აქვს (უსახსრობის ან სხვა პატრონის მოძიების გამო) კომპანიას ჩააბაროს ცხოველი.
,,ქუთსერვის ჯგუფი“ აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლების ქუჩიდან იზოლირება ხშირ შემთხვევაში პრობლემური და ზოგჯერ კონფლიქტურია. მოსახლეობის დამოკიდებულება ორგვარია: თუ ერთი ნაწილის სურვილი ძაღლებისგან განთავისუფლებაა, მეორე მხარე მათ შენარჩუნებას ითხოვს.
,,რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრობი მარტოხელა ქალი, წინააღმდეგობას გვიწევდა ძაღლის წაყვანაზე მაშინ, როცა დანარჩენი მოსახლეობა ამ ძაღლების იზოლაციას ითხოვდა. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა წმინდა ნინოს ქუჩაზე, სადაც გვთხოვეს და არ გამოგვატანეს ცხოველი, ის ქალი უპატრონო კატებსაც უვლის,“ - განაცხადა „ქუთსერვის ჯგუფის“ დირექტორმა.
ქუთაისში ძაღლების დაჭერა ჯერ კიდევ ძველი მეთოდებით: რკინის მაშებითა და ბადეებით ხორციელდება. თუმცა, კომპანიის დირექტორის თქმით, სამომავლოდ აპირებენ სხვა ტექნიკასთან ერთად, სპეციალური საძილე თოფის შეძენასაც, რომლითაც უმტკივნეულოდ, დაძინების პრინციპით მოხდება ძაღლების ქუჩიდან აყვანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის 258-ე მუხლით ისჯება. „ქუთსერვის ჯგუფში“ კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, ჯანმრთელ ძაღლებზე სასტიკი მოპყრობისა და მათი სიკვდილის თაობაზე.
,,უსაფუძვლოა ეჭვი იმის შესახებ, თითქოს დაჭერილი ძაღლების სადისტური მეთოდებით მოკვლა ხდება. შეუძლებელია მსგავსი ქმედება. იქნებ ძაღლი, რომელიც დავიჭირეთ, რომელიმე მოსახლის შინაური ცხოველია, რომელიც გარეთ გამოიპარა. მეორე დღეს შესაძლოა პატრონმა მოაკითხოს,“ - ამბობს ლაშა დვალიშვილი.
რაც შეეხება ქუჩებში დაჭერილი მაწანწალა ძაღლების შემოწმების თემას, კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ რომელიმე უბანში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, მერიის ბრძანების საფუძველზე, კონკრეტული უბანი კონტროლზე აყავთ. თუმცა თითოეული დაჭერილი ძაღლის გასინჯვის პროცედურას „ქუთსერვის ჯგუფი“ არ ახორციელებს. აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცედურა მათ ძალებსა და ფინანსებს აღემატება. სამაგიეროდ, იმედოვნებენ, რომ ეტაპობრივად ეს პრობლემები გამოსწორდება.
საქართველოში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა, რადგან თანხები წამლის შესაძენად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. თუმცა, ძაღლისა თუ სხვა ცხოველისაგან დაკბენის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის საფასური - პირველადი ვიზიტის შემთხვევაში 12 ლარს შეადგენს, ხოლო შემდგომ ვიზიტებში დაზარალებულს 6 ლარის გადახდა მოუწევს.
კლინიკური საავადმყოფოს რაბიოლოგიური სამსახურის კოორდინატორი ქირურგი-რაბიოლოგი, ვალერიან გახოკიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია განადგურდეს დაავადებული ძაღლები, ვიდრე საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. „მე ცხადია ცხოველები ძალიან მიყვარს და ვეწინააღმდეგები მათ დახოცვას, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა აუცილებელია“, - ამბობს ვალერიან გახოკიძე.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment