ქუთაისის თვითმმართველობას ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ართმევენ. საუბარია ქალაქის დასუფთავების ფუნქციის განხორციელებაზე. დასუფთავების პრობლემების მოსაგვარებლად კი საქართველოში ახალი სამსახური შეიქმნება. აღნიშნული ცვლილებები `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანულ კანონში შედის.
ცვლილელების თანახმად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფო ქონების განკარგვის გზით, კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს. მისი 100%-იანი წილი, მართვის უფლებით, რეგიონალური გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.
დასუფთავების ახალი სამსახურის შექმნას და მუნიციპალიტეტებისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას `ახალი მემარჯვენეების~ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მოსახლეობას დააწვება ზურგზე. `ახალ მემარჯვენეებში~ თვითმმართველობისთვის ფუნქციის ჩამორთმევის შემდეგად, გადასახადის მომატებასაც არ გამორიცხავენ.
`თვითმმართველობისთვის ფუნქციების ჩამორთმევა და უკიდურესი ცენტრალიზაცია ამ ორგანოების არსებობას ფიქტიურს ხდის, მაშინ როცა სწორედ ეს ორგანიზაციები უნდა ძლიერდებოდნენ და ადგილზე ეფექტურად წყვეტდნენ პრობლემებს. ხელისფლება კი მათ უფუნქციოდ ტოვებს და შესაძლოა, ცოტა ხნაში მათი ფუნქცია მხოლოდ ქუჩებისათვის სახელების მინიჭება გახდეს,~ - აცხადებს გიორგი ასათიანი.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაში მოსალოდნენ ცვილებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების ღონისძიებებისთვის 3 მილიონ 136 000 ლარია გათვალისწინებული. ამას ემატება ის ტექნიკური ბაზაც, რომლის გაახლებას და შეძენას ბოლო წლებია ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს.
^თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment