Monday, February 20, 2012

ქუთაისში რეაბილიტირებული ხეივანი კვლავ გადათხრილია


ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ აღმაშენებლის ხეივანს თავიდან აკეთებენ. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ადგილი სადაც ველობილიკი გადის, ისევ რეაბილიტაციას საჭიროებს.
„უკვე ერთი კვირაა, რაც გზა გათხრილია და დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა კეთდება. ბარდიულები გადათხარეს და ჩემი აზრით, ან წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ან ახალ ბარდიულებს აკეთებენ“, - ამბობს აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები მირზა პატარიძე.
აღმაშენებლის გამზირზე, გზისპირას განლაგებული შენობა-ნაგებობებისა და ბორდიულების მოპირკეთების სამუშაოები შპს „ელბამ“ 2011 წლის ზაფხულში დაასრულა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია ახლა შავ სიაშია შეყვანილი.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, შპს „ელბას“ თანხა არ გადაუხადეს.
„ელბას“ მიერ შესრულებული სამუშაოები თავიდან გახდა გასაკეთებელი. კერძოდ, ბორდიულები მწყობრიდან იყო გამოსული, ამიტომ არ ჩავიბარეთ და ტენდერი თავიდან გამოვაცხადეთ,“ - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
აღმაშენებლის გამზირზე არსებული ბორდიულების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ახალ ტენდერში ბათუმურმა კომპანიამ, შპს „აკაცია“-მ გაიმარჯვა. გამოყოფილი თანხის ოდენობა 80 000 ლარამდეა.
აღმაშენებლის ხეივნის ხელახალი რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და ის 2 მაისამდე (ქუთაისობის დღესასწაულამდე) უნდა დასრულდეს.

ნინო გულუა


No comments:

Post a Comment