Tuesday, February 28, 2012

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიო ასოციაციაში აერთიანებენ


ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღი დაპირებული ცვლილებების მოლოდინშია. 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც ბაღი აიპი-ში (არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირი) გაერთიანდა, ცვლილება მხოლოდ მომუშავეთა სახელფასო ფონდს შეეხო. ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების ხელფასი მიმდინარე წელს 20-30 ლარით გაიზრდა.

კოლხურ ბოტანიკურ ბაღში 18 ადამიანია დასაქმებული. აქედან 5 მებაღეა, რომელთაც 9 ჰექტარზე განთავსებული მიწის ნაკვეთის და ფლორის მოვლა უწევთ. ბოტანიკურ ბაღში საშუალო ხელფასი 120-150 ლარია. „ხელფასის გარდა, კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი. მოსაწერიგებელია ბაღის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა“,- ამბობს ქუთაისის კოლხური ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბორის თვალოძე.

ბაღის შესასვლელში მითითებულია -უცხო პირთა შესვლა, სამუშაო საათების გარდა, სხვა დღეებში აკრძალულია, თუმცა, ადამიანებს ამ ინსტრუქციის დარღვევა არ უჭირ. მწყობრიდან გამოსული ღობის გამო, იქ მოხვედრა ადვილად შეიძლება. ბაღის დათვალიერებისას შეხვდებით ძველ ორანჟერიებსაც, რომელიც ახლა ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ასევე, მოძველებულია ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. დაზიანებულია და სიძველის გამო განახლებას საჭიროებს ბაღში დამონტაჟებული სკამები და სათავსოები, გასაახლებელია ტექნიკური აღჭურვილობა.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობა ასოციაციაბოტანიკური ბაღების და პარკების გაერთიანებისმეშვეობით გარემონტდა. მიუხედავად ამისა, ბაღის ცენტრალური შენობა ისევ საჭიროებს რეაბილიტაცის. შიდა ოთახების და დერეფნების კედლები დაზიანებულია, ჩამოყრილია ბათქაში, ასევე, არ არის ცენტრალური გათბობა.

მწირი დაფინანსების გამო წლებია პრობლემებია სამეცნიერო სამუშაოების წარმოების მხრივაც.თუ ადრე 100-მდე სახეობის თესლიდან 30-მდე სახეობა მაინც გამოჰყავდათ, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 5-მდეა შემცირებული, რაც კარგ მუშაობად შეიძლება ჩაითვალოს - იმ პირობებში, რომელშიც ბოტანიკური ბაღი იმყოფება“,- განმარტა ბორის თვალოძემ.

გასული წლის შემოდგომამდე ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე ირიცხებოდა. 32 000 ლარიანი ბიუჯეტით ბაღს სწორედ უნივერსიტეტი აფინანსებდა. თუმცა გასული წლის 1 ივნისიდან ილიას უნივერსიტეტმა დაფინანსება შეწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზრუნვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოტანიკური ბაღის თვითმმართველობის ბალანსზე გადმოსაყვანად.

ბოტანიკური ბაღი 2011 წლის დეკებერში ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით, „ქალაქ ქუთაისის სკოლისგარეშე სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამუზეუმო გაერთიანებას“ (აიპს) შემადგენლობაში შევიდა. გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მიიღეს. თუმცა 2 თვის თავზე ბაღის თანამშრომლები გაზაფხულის დადგომის იმედად არიან. რადგან, მათი თქმით, ბაღის განახლების სამუშაოები სწორედ გაზაფხულიდანუნდა დაიწყოს.

2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანახმად, ქუთაისის კოლხურ ბოტანიკურ ბაღს 48 ათასი ლარის დაფინანსება გამოეყო. თანხა უნდა მოხმარდეს სახელფასო ფონდს და საოფისე ხარჯებს. აიპში აცხადებენ, რომ ასევე, მოძიებული იქნება დამატებითი თანხები.

„ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მნიშვნელოვანი კერა უნდა გახდეს ქალაქისათვის. ბაღი უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ბოტანიკური ბაღების ასოციაციაში, რაზეც მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკებები. ვუკავშირდებით ტურისტულ ორგანიზაციებს, რათა მათ მარშრუტებში ჩაისვას ბაღი. მანამდე კი იქ არსებული ინფრქტრუქტურა უნდა გამოიცვალოს. გაზაფხულიდან დაიწყება ბოტანიკურ ბაღში სრული რეაბილიტაცის სამუშაოები“, - ამბობს აიპის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.

ბოტანიკური ბაღი 9 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც მცენარეების 81 ბოტანიკური ოჯახი ხარობს. 800 სახეობა წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მეცნიერებმა აღწერის შემდეგ აქ მარტო ხე-ბუჩქების 200 სახეობა აღმოაჩინეს. დღესდღეობით კი მართი რაოდენობა 800-მდეა. ბოტანიკური ბაღი სუბტროპიკების უკიდურეს აღმოსავლეთში მდებაროებს, ამიტომ აქ იზრდება ისეთი ენდემური მცენარეები, რომლებიც იმერეთის გარდა, საქართველოში სხვაგან ვერ ხარობს.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment