ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა რიცხვი, 2011 წელთან შედარებით 700-მდე გაიზარდა. მაშინ როდესაც, ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა გასულ წელთა მიმართებაში 2000-მდე ადამიანით შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისში მცხოვრებთა რიცხვი 2012 წელს 52 631-ია. მათგან 23,8% სოციალურად დაუცველთა პროგრამაშია რეგისტრირებული.
ქუთაისში, მიმდინარე წელს სოციალურად საუცველთა რაოდენობა 12 523-ს აღწევს, რაც 0,7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში რეგისტრირებული ადამიანები, კუთვნილი დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ.
ქუთაისში მცხოვრები ელენა მინაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში 2006 წელს დარეგისტრირდა. თავდაპირველად, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 49 650-ს შეადგენდა, რის საფუძველზე მინაშვილების ოჯახს როგორც ფულადი დახმარება, ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ეკუთვნოდა. ელენე მინაშვილი აცხადებს, რომ პროგრამაში დარეგისტრირების მიუხედავად, კუთვნილი ფულადი დახმარება დღემდე არ მიუღია.
ერთადერთი რაც სიღარიბის ზღვარს მყოფმა ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიიღო, ჯანმთელობის სადაზღვევო პოლისია. აღნიშნული ვაუჩერით მინაშვილების ორსულიანმა ოჯახმა 3 წელიწადი ისარგებლა.
კუთვნილი ფულადი დახმარების მიუღებლობის გამო, 2007 წელს ელენა მინაშვილმა განცხადებით კვლავ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. თუმცა, აგენტების მიერ ხელახალი აღწერის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულამ 67 650-ს მიაღწია. რაც მათთვის ფულადი დახმარების გაცემას აღარ ითვალისწინებდა. მინაშვილები ისევ სამედიცინო დაზღვევის პოლისის იმედად დარჩნენ.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა ოჯახმა დახმარების მიღება მესამედ 2009 წელს სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული პერიოდიდან, ფულადი დახმარების მიღების ნაცვლად, მინაშვილებს სამედიცინო დაზღვევის პოლისით სარგებლობაც შეუწყდა. მიზეზი ქულების მაღალი მაჩვენებელი გახდა, რომელმაც იმ პერიოდისათვის 95 640-ს მიაღწია.
ელენა მინაშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველი აღწერიდამ (2006 წელი) დღემდე ოჯახისთვის არაფერი შეუძენია, ამიტომ მისთვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მოუმატეს სარეიტინგო ქულა. „საიდან მომივიდა მაღალი ქულა ვერ ვხვდები? უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სახლისთვის არაფერი შემიმატებია. ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო და რაიმეს შეძენაზე ან რემონტზე ფიქრისთვისაც კი არ მეცალა,“ - ამბობს ელენა მინაშვილი.
ელენა მინაშვილი ქუთაისში, ბუხაიძის მე-2 მიკ/რ-ის #25-ში ერთოთახიან ბინაში 10 წელია ცხოვრობს. ფერადი ტელევიზორი, მეორადებში შეძენილი მაცივარი და გაზქურა, ძველი ავეჯი: საწოლი, ერთი მაგიდა და 3 სკამი, ბათქაშჩამოყრილი კედლები და შესასვლელში აყრილი იატაკი - ასეთია ელენა მინაშვილის საცხოვრებელი პირობები. „როცა სადაზღვევო აგენტი პირველად მოვიდა აღწერის ჩასატარებლად, ჩემი ავადმყოფი მეუღლე საწოლს იყო მიჯაჩვული და ვფიქრობ, აგენტს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. Aავადმყოფს უფრო არ სჭირდება დახმარება?” - განაცხადა ელანა მინაშვილმა. ამჟამად ელენა მინაშვილი მარტოხელა ქვრივია, რომელიც მხოლოდ პენსიით ცხოვრობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალში არსებული დოკუმენტური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობაში პირველი აღწერა 2006 წლის თებერვალში ჩატარდა. სოციალურად დაუცველთაAოჯახებზე ფულადი დახმარების გაცემა კი იმავე წლის სექტემბერში დაიწყო. თუმცა ელენა მინაშვილი დახმარების მიღმა აღმოჩნდა. ისევე, როგორ მომდევნო წლებში, როდესაც მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა, გაურკვეველი მიზეზებით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში მოსახვედრად აუცილებელია ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 57 000-ს. 57 000-ზე ნაკლები ქულის შემთხვევაში ოჯახი იღებს ფულად დახმარებას და ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისს ოჯახის თითოეულ წევრზე. ფულადი დახმარება მარტოხელებზე 40 ლარს შეადგენს. ორ და მეტსულიან ოჯახში უფროს წევრი მიიღებს 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი - 24 ლარს. თუ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 70 000-მდე მერყეობს, ოჯახის დახმარება მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პოლისის მიღებით შემოიფარგლება. 70 000 სარეიტინგო ქულაზე მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, ოჯახი ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას. სარეიტინგო ქულების რაოდენობას სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა) ადგენს, რომელშიც მონაცემები სადაზღვევო აგენტს აღწერილი ქონების შედეგად შეჰყავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ხათუნა ცანავა აცხადებს, რომ ელენა მინაშვილის საქმეს დეტალურად შეისწავლიან ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობასთან ერთად. „მინაშვილის მონაცემებს გადავხედავთ, შევისწავლით და გავარკვევთ, რატომ ვერ მიიღო მან სოციალური დახმარება,“ - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ხათუნა ცანავა. მისი თქმით, საქმის შესწავლის შედეგები დაახლოებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
მანმადე კი, ხელახალი აღწერი ჩატარების თაობაზე ელენა მინაშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ განცხადება უნდა დაწეროს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი ქულების მინიჭების შემთხვევაში, ოჯახი სოციალური დახმარების მიღებას შეძლებს.
ნინო გულუა
No comments:
Post a Comment