Wednesday, February 29, 2012

ბუნკერებს კონტეინერები შეცვლის

ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსებში არსებული ბუნკერები მიმდინარე წლიდან გაუქმდება.

ბუნკერების ლიკვიდაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის დაპირების მიხედვით, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მომხდარიყო. mერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელის Dფრიდონ ბეშკენაძის თქმით, ამ ეტაპზე ცხადდება ტენდერი. როგორც ბეშკენაძე ამბობს, თავდაპირველად ბუნკერებს გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ კორპუსებში გააუქმებენ. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც იგეგმება.

`რაც არ უნდა უზრუნველყო ბუნკერის გაწმენდა, მასში ნაგვის ნარჩენები მაინც რჩება. 2012 წლისთვის ბუნკერები მთელ ქალაქში გაუქმდება,~ - ამბობს ბეშკენაძე.

ამ ეტაპზე მრავალსართულიან კორპუსებში არსებულ ბუნკერებს დასუფთავების სამსახურის მანქანები კვირაში ერთხელ წმენდენ. როგორც დასუფთავების განყოფილების უფროსი ირწმუნება, ბუნკერების ნაცვლად კორპუსეში კონტეინერები დაიდგმება. ტერიტორიიდან ნაგავს კი ყოველდღიურად გაიტანენ.

ქრისტინა ქარჩხაძე

გარეუბნებსა და ცენტრს შორის მიწის ფასი 20-ჯერ განსხვავდება


ქუთაისში, რიგითი მოქალაქეები მიწის შეძენას ვერ ახერხებენ. მიზეზად მიწაზე არსებული მაღალი ფასი სახელდება. ამგვარ განცხადებას ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, `ახალი მემარჯვენეების~ წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე აკეთებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებამ 29 თებერვალს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულომ ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, მათი საზღვრების აღწერისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისი 3 ზონად (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული) იყოფა. Aაქედან, პირველ და მეორე ზონაში 3-3 ქვეზონა გამოიყოფა, ხოლო მესამე ზონაში 4 ქვეზონა გვხვდება. თითოეულ ქვეზონაში 1კვ. მიწის ღირებულება განსხვავებულია. მაგალითად, თუ ქალაქის ცენტრალური ნაწილის პირველ ქვეზონაში 1კვ. მიწის ღირებულება 140.00 ლარია, მეორე ქვეზონაში ეს რიცხვი 91.00 ლარს შეადგენს. მესამე ქვეზონაში ფასი 42 ლარამდე ჩამოდის, ხოლო მეოთხე ქვეზონაში მიწის ღირებულება 7.00 ლარს შეადგენს.

მამუკა მღვდელაძის თქმით, ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მხოლოდ მსხვილი ინვესტორებისათვის არის ხელმისაწვდომი. მღვდელაძის თქმით, მიწის გასხვისების პროცედურები განსაკუთრებით მარტივდება, თუ მიწის შეძენა ქვეყნისა თუ რეგიონის პირველი პირების ინტერესებში შედის.

`ხოლო იმ მოქალაქეს, ვისაც ნამდვილად უნდა მიწის შეძენა და თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნა, ამის გაკეთებას ვერ ახერხებს. ასეთი ადამიანი უამრავია და კონკრეტული ფაქტები არსებობს. ქუთაისის გარეუბნებსა და ცენტრს შორის მიწის ფასი თითქმის 20-ჯერ არის განსხვავებული. მიწის ღირებულების მაღალი მაჩვენებლის გარდა, პრობლემას ბიუროკრატიული ბარიერებიც წარმოადგენს. შესაძლოა, Aადამიანმა ტყუილად გაიღოს დანახარჯი და აუქციონში ვერ გაიმარჯვოს,~ - ამბობს მღვდელაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ოპონენტი კოლეგის საპასუხოდ განმარტავენ, რომ მიწის შეძენისათვის საჭირო პროცედურებს კანონმდებლობა განსაზღვრავს. პროცედურები კი მოიცავს: განცხადების დაწერას, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების მიერ მიწის ნაკვეთის შესწავლას, მერიის მიერ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანასა და ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას.

`აუქციონზე ვინ გაიმარჯვებს, ამას კონკურენცია წყვეტს. Aამ ეტაპზე ნარჩუნდება მიწის ძველი ფასიც. ის ფასი, რომელიც 2011 წელს იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაგრძელდება სამუშაოები მიწის ფასთან დაკავშირებით. დამატებით შეისწავლება მიწის ფასი და რამდენიმე ზონაში შეიძლება მოხდეს მისი დაწევა. იმისთვის, რომ ამან გამოიწვიოს სხვადასხვა ბიზნეს წრეების დაინტერესება პერიფერიების მიმართ და იქ დამატებითი კაპიტალი შევიდეს,~ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი.

Qქრისტინა ქარჩხაძე

მოხალისეობის პროგრამა პოლონეთში

18 წლიდან 30 წლამდე ყველა დაინტერესებულ პირს პოლონეთში მოხალისედ მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა. დასაქმების აღნიშნული პროექტის შესახებ, დღეს „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა სოსო ხახალეიშვილმა ისაუბრა. შეხვედრა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის ორგანიზაციაში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამეს.

„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი დასაქმების პროექტის მიხედვით, 2 მოხალისე, რომელიც ზაფხულის პერიოდში 2 თვით გაემგზავრება პოლინეთში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების დაწყებითი კლასების ბავშვებთან იმუშავებს. მოხალისეების მიერ გაწეული სამუშაო ანაზღაურებადი არ არის, თუმცა მათი ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს ორგანიზაცია დაფარავს.

ქრისტინა ქარჩხაძე

ლეჩხუმის სოფლებს დაცლა ემუქრება


ახალი ჰესების მშენებლობის გამო ლეჩხუმის სოფლებს დაცლა ემუქრება. აღნიშნულ საფრთხეზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის იურისტი საუბრობს. ზაალ გორგოძემ ლეჩხუმის 14 სოფლის მაცხოვრებელთა პრობლემებზე დღეს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის ოფისში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. იურისტის თქმით, საია-ს წარმომადგენლები ლეჩხუმში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. თუმცა, არსებული საფრთხის მიუხედავად, ადგილობრივი მაცხოვრებლები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან.

„მათ ამის შესახებ არაფერი იციან. არც ის არის ცნობილი, სად მისცემენ მათ ალტერნატიულ ფართებს. ინფორმაციის ნაკლებობის გარდა, მოსახლეობას საკუთრების დაკანონების კუთხითაც აქვს პრობლემები,“ - ამბობს ზაალ გორგოძე.

საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის რაჭა-ლეჩხუმში) 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 2012 წლის თებერვლიდან იწყებს. დაგეგმილ პროექტებში 13 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს, ელექტროენერგიის გამომუშავება კი არსებულთან შედარებით, 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

ქრისტინა ქარჩხაძე

დარღვევები ამომრჩეველთა სიებში


ამომრჩეველთა სიების აუდიტის შედეგებით ქუთაისში ცდომილებები დაფიქსირდა. დარღვევები აღმოჩნდა ამომრჩეველთა სახელებსა და გვარებთან, საცხოვრებელ მისამართებსა და პირად ნომრებთან დაკავშირებით. სიების აუდიტის შედეგები და დარვევევბთან დაკავშირებული რეკომენდაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს წარადგინა. ამომრჩველთა სიების აუდიტი ორგანიზაციამ გასული წლის ოქტომბერში განახორციელა.

„ამომრჩეველთა სიების აუდიტი „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2008 წელსაც განახორციელა. წინა აუდიტის შედეგებთან შედარებით, ამომრჩეველთა სიებში ცდომილებათა რაოდენობამ იკლო, თუმცა მაინც გვხვდება. ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სიების დახვეწის მიზნით მომდევნო არჩევნებამდე უნდა ჩატარდეს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, შეიქმნას მისამართების სტანდარტული სისტემა და ახალ პირადობის მოწმობებზე დაფიქსირდეს მოქალქის მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო უბანს უნდა გააჩნდეს პირადობის მოწმობის წამკითხველი,“ - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.

Tuesday, February 28, 2012

ქუთაისში დაბინძურებული სასმელი წყალი მოედინება

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში ონკანიდან ტალახიანი წყალი მოედინება. აღნიშნულის თაობაზე „ახალ გაზეთს“ მოსახლეობამ მომართა. მათი განმარტებით, დაბინძურებული წყლის მიწოდება რამოდენიმე თვეა გრძელდება. ,,ეს არ არის წყალი, ეს არის ტალახი, რომლითაც რა თქმა უნდა ვერ ისარგებლებ. ვერიდები გამათბობლის ჩართვასაც, ვინ გამიკეთებს რომ გაფუჭდეს?,“ - ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში მცხოვრები მარინე ჭეიშვილი.

მოსახლეობის თქმით, დღეს წყალმომარაგება საერთოდ შეწყდა.

თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებელები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სამსახურის ცხელ ხაზზე მათი მხრიდან განხორციელებული ზარები მხოლოდ გვარისა და მისამართის ჩანიშვნით შემოიფარგლება. მოსახლეობის თქმნით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ პრობლემის დადგენისა და გადაწყვეტის საკითხი იგნორირებულია.

,,ბევრჯერ დავრეკეთ ცხელ ხაზზე, თუმცა ჩართულობა მათი მხრიდან პრობლემის მოსმენასა და კოორდინატების ჩაწერას ვერასოდეს გასცდა. არავინ მოსულა სიტუაციის შესამოწმებლადაც კი. მე სარეცხი მანქანა გამიფუჭდა ამ წყლის გამო“, - ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე N81-ში მცხოვრები ლელა ბოჭორიშვილი.

„ახალი გაზეთი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრს დაუკავშირდა. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ, მათი სამუშაო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდა. თუმცა წყლის აღებულ სინჯში დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირდა.

„სამუშაო ჯგუფი ადგილზე 11 თებერვალს გავიდა. აიღეს წყლის სინჯი და მასში არაფერი აღმოჩნდა. ახლა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხორციელდება წყლის ახალი ქსელის გაყვანა და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს წყლის გარეგანი დაბიძურება. დღეს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე შეწყვეტილია წყალმომარაგება, რადგან მიმდინაროებს სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც კი წყალი მოვა, კომპანიის სამუშაო ჯგუფი კვლავ გავა ადგილზე და თავიდან აიღებს სინჯს, რათა შემოწმდეს სასმელი წყლის სისუფთავე,“ - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურში.

ანა ჯანაშია