სამი წლის წინ საქართველოს ნაციონალური ტელე არხების ეთერში შიდსით დაავადებული, სამი მცირეწლოვანი შვილის დედის შესახებ გავიდა სიუჟეტი. სიუჟეტში ნაჩვენები იყო ამ ქალბატონისა და მისი ოჯახის წევრების სახეები, მათი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ ქალბატონს უმძიმესი პრობლემები შეექმნა: მეზობლები მის გასახლებას მოითხოვდნენ, ნათესავები კი თავშესაფრის მიცემაზე ამბობდნენ უარს. ამის გამო, სიუჟეტების ავტორი ჟურნალიტებისა და იმ ტელევიზიების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა ეთერშიც გავიდა აღნიშნული სიუჟეტები, პასუხი არავის მოუთხოვია.
ამას წინათ კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების შესახებ გავიდა სიუჟეტი. ამ შემთხვევაში გოგონას სახე დაფარული ჰქონდა, თუმცა სიუჟეტში ნაჩვენები იყოს გოგონას დედის, ნათესავებისა და მეზობლების ინტერვიუები. არც ამ შემთხვევაში უფიქრია ვინმეს, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მიდგომოდა არასრულწლოვან გოგონას აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ.
"ამ სიუჟეტის გამო ჩვენ მართლაც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და მომდევნო დღეს, 12 და 3-საათიან "კურიერში" ამის გამო ბოდიში მოვიხადეთ," - ამბობს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირმა ნადირაშვილი.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა გაზეთებში.
"ისეთ გაზეთებში, როგორიცაა "ასავალ-დასავალი", "პრაიმ-თაიმი", "ალია" იბეჭდება ინტერვიუები, რომლებიც სინამდვილეში არ შემდგარა მითითებულ რესპონდენტებთან და ჟურნალისტები თვითონ იგონებენ მათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იბეჭდება ათასი გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მაგალითად, "ასავალ-დასავალმა" დაბეჭდა, რომ ჰიპოდრომის აქცია გია გაჩეჩილაძემ დაშალა პრეზიდენტისგან მიღებული რამდენიმემილიონიანი აგარაკის სანაცვლოდ და ამ სტატიაში არც დოკუმენტი იყო მითითებული, არც - გია გაჩეჩილაძის კომენტარი და არც პრეზიდენტის ან მისი ადმინისტრაციის განცხადება. საერთოდ, არანაირი წყარო არ იყო დასახელებული," - ამბობს გაზეთ "24 საათის" მმართველი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე.
საქართველოში მედიის თვითრეგულაციის მექანიზმებისა და ეთიკის ნორმების დანერგვის აუცილებლობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა რეალურად საქმე წინ ნაკლებად წავიდა. გასული კვირის ბოლოს თბილისში, სასტუმრო "ვარაზში" დაახლოებით 50 ქართველი ჟურნალისტი შეიკრიბა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამოქმედების მექანიზმების განსახილველად. ჟურნალისტების უმეტესობა რეგიონული მედიის წარმომადგენელი იყო.
"დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემებია, ამიტომ ქარტიის და თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნის იდეა ეკუთვნის საქართველოს ჟურნალისტების იმ ნაწილს, რომელიც არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალი დღეს. ესენი არიან რეგიონული ჟურნალისტები," - ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" ხელმძღვანელობს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის შემუშავების პროცესი. ამ პროექტს ეს ორგანიზაცია ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ეგიდით ახორციელებს.
"ევროპის საბჭომ იმიტომ გადაწყვიტა ამ ინიციატივის მხარდაჭერა, რომ მოხდეს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის შემუშავება, რომ თვითრეგულირების მექანიზმები, ეთიკა და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა არის ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს შორის, რომელიც საქართველოს მიეცა მედიის სფეროში, რადგან ეს ემსახურება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას," - ამობს ფლორანს მარშალი, ევროპის საბჭოს პროგრამის მრჩეველი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტისგან შედგება, რომლებშიც საუბარია ჟურნალისტის მოვალეობებზე, როგორიცაა, მაგალითად, პასუხიმგებლობა ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაზე, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაზე, პირადი ცხოვრების პატივისცემაზე და ა.შ. ქარტიის წესდების თანახმად, რომლის შემუშავებასა და დახვეწაში ქართველ ჟურნალისტებსა და იურისტებს, ევროპელი ექსპერტები დაეხმარნენ, ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე საჩივრებს ჟურნალისტებისა და რედაქტორებისგან შემდგარი 9-წევრიანი საბჭო განიხილავს. აღნიშნულ საბჭოში რეგიონულ მედიას 6 წარმომადგენელი ეყოლება, ნაციონალურ მედიას კი მხოლოდ - 3. საქმე ის არის, რომ ნაციონალური მედიის წარმომადგენლების უმეტესობას ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდება თუ არა ქარტიას. სამუშაო შეხვედრას სასტუმრო "ვარაზში" ნაციონალური მედიიდან - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, "იმედის", გაზეთ "24 საათისა" და "რეზონანსის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა, მათი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
"ქარტიის ჯგუფს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ჟურნალისტებთან და პრინციპში, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს ამ ქარტიისადმი," - ამბობს ირმა ნადირაშვილი.
"ჩვენ ყველა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელთან გვქონდა მოლაპარაკება, მხოლოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ვერ შევაღწიეთ," - ამბობს ია ანთაძე.
"არ ვიცი, ახლა რა ქარტია იქმნება კიდევ, არ ვიცნობ მის შინაარსს და როცა გავეცნობი, ამაზე მერე გამოვთქვამ ჩემს აზრს. ასეთი უამრავი დოკუმენტი შეიქმნა საქართველოში სხვადასხვა დროს," - ამბობს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე. "საქართველოს საზოგადეობრივ მაუწყებელს" საკუთარი ქცევის კოდექსი ჯერ კიდევ 2006 წლიდან გააჩნია: "ჩვენ თვითრეგულაციის ორი სახელმძღვანელო დოკუმენტი გვაქვს: ერთი, საქართველოს საზოგადოებრივი მაწყებლის ქცევის კოდექსი და მეორე, საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ქცევის კოდექსი მაუწყებლებისთვის. ამ უკანასკნელის შესრულება ჩვენ არ გვიჭირს, გაცილებით უფრო მკაცრია ჩვენი ქცევის კოდექსი," - ამბობს გახელაძე. პროფესიული ეთიკის ნორმების დანერგვის მიზნით "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ფუნქციონირებს მონიტორინგის სამსახური, რომლის მუშაობით გახელაძე უკმაყოფილოა: "ეს ძალიან საჭირო სამსახურია და ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ იგი გადმოვიდეს სამეურვეო საბჭოს დაქვემდებარებაში, რადგან სწორედ სამეურვეო საბჭომ უნდა განიხილოს ქცევის კოდექსის დარღვევის შესახებ საჩივრები," - ამბობს გახელაძე.
"ეთიკის ნორმების შემოღება და დაცვა აუცილებელია, მაგრამ თვითმიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ შეიქნას საბჭო, არამედ - როგორ გავხადოთ ქმედითი საბჭოს საქმიანობა. ძალიან ბევრი პუნქტი საჭიროებს ჩემთვის დაზუსტებას ქარტიაში და როცა მივიღებ დოკუმენტს, შევიტან ჩემს შესწორებებს და თუ ეს სხვებისთვისაც იქნება მისაღები, შევუერთდები მას," - ამბობს პაატა ვეშაპიძე.
"იმისათვის, რომ არ მოხდეს ქარტიის მარგინალიზაცია, მასში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის, ნაციონალური ტელევიზიები, რადიოები და გაზეთებიც," - ასეთია ევროპელი ექსპერტის ვილელმ ჰაუვენის, კოსოვოს პრესის საბჭოს თავმჯდომარის რჩევა ქარტიაზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტებისადმი.
"თუ ვინმეს უნდა, რომ ხელოვნური მარგინალიზაცია მოახდინოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბუნებრივად ვერ მოხდება ეს, რადგან ყველამ იცის, რომ რეგიონული ჟურნალისტიკა დღეს არის ყველაზე პატიოსანი და სინდისი ქართული ჟურნალისტიკის," - ამბობს ია ანთაძე.
"მე ამაყი ვარ, რომ სწორედ რეგიონის ჟურნალისტებმა დაიწყეს საქართველოში ეთიკასა და ქარტიაზე საუბარი და მსჯელობა," - ამბობს გოგა აფციაური, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი გორიდან.
საქართველოში ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექანიზმებსა და ეთიკის კოდექსზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. მაშინ ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" ხელმძღვანელობდა. მაშინდელ ეთიკის კოდექსს საქართველოში მოქმედი ყველა ცენტრალური ტელევიზია ("პირველი არხი", "რუსთავი 2", "იმედი", "I სტერეო"), ნაციონალური გაზეთების უმეტესობა ("24 საათი", "რეზონანსი", "ალია", "ახალი ვერსია", "მესინჯერი", "ხვალინდელი დღე", "დილის გაზეთი") და 10-მდე რეგიონული გაზეთი შეუერთდა. იმ ქარტიაზე ხელმოწერა კი, რომელიც ახლა იქმნება, მხოლოდ ინდივიდუალურად შეეძლებათ ჟურნალისტებს და არა - მედია ორგანიზაციის სახელით. 2005 წლის ივლისში საქართველოში შეიქმნა მედიის საბჭო 11-წევრის შემადგენლობით, სადაც უმრავლესობას (6 წევრი) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეადგენდნენ, ხოლო მედიისთვის გამოყოფილ 5 ადგილში, მხოლოდ 1 გააჩნდა რეგიონულ მედიას.
"საბჭოს შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული ქარტიის წარმატებით განხორციელება, რადგან იმ მედია საბჭომ, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, ზუსტად იმის გამო განიცადა კრახი, რომ საბჭოში გადამწყვეტი ხმები ჰქონდათ პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. საბჭოში თითქმის არ მონაწილეობდა ბეჭდვური მედია, ხოლო საჩივრები, რომლებიც ნაციონალური ტელევიზიების წინააღმდეგ შემოვიდა, უმეტესწილად არ დაკმაყოფილებულა," - ამბობს "ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე, რომელიც რეგიონულ მედიას წარმოადგენდა საქართველოს მედია საბჭოში.
მედია საბჭოს ქმედუუნარობაზე საუბრობს აღნიშნული საბჭოს კიდევ ერთი წევრი პაატა ვეშაპიძე: "საბჭომ ვერ გაამართლა იმედები, რადგან თვითონ საბჭოს შემადგენლობა არასწორი პარიტეტით იყო დაკომპლექტებული და ჟურნალისტები იქ უმცირესობას წარმოადგენდნენ. ამასთანავე, საბჭოს ჰქონდა მხოლოდ რეკომენდაციის მიცემის უფლება და არა - სავალდებულო შესასრულებლად. ამის გამო, საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება არ შესრულდა."
მაგალითად, საბჭომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მიუთითა გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გასწორება მისსავე ეთერში, რაც არ შესრულდა. ასევე, მოხდა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მიმართებაშიც. ამას ისიც ემატებოდა, რომ საბჭომ რამდენიმე საჩივარზე, საერთოდ, არ გამოიტანა გადაწყვეტილება: "პირადად, მქონდა შეტანილი საჩივარი მედია საბჭოში, რადგან "24 საათში" გამოქვეყნდა ნოდარ ლადარიას სტატია, სადაც ბრჭყალებში იყო ჩასმული ჩემი სიტყვები, რომელიც მე არ მითქვამს და ამაზე ვითხოვდი ბოდიშის მოხდას. ჩემს ამ საჩივარზე საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო," - ამბობს ია ანთაძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს მედია საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით აღნიშნული საბჭოს წევრსა და მისი შექმნის ერთ-ერთ ინიციატორს, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელს ლევან რამიშვილს: "ვისაც ჭირდება ინსტრუმენტი იმისა, რომ არსებობდეს მედიის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება და უკუკავშირი მედიასა და საზოგადოებას შორის, არსებობს ეს ინსტრუმენტი მედია საბჭოს სახით," - ამბობს ის. მასვე მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ეს საბჭო შეიქმნა, არც საზოგადოება და არც მედია აღმოჩნდა სათანადოდ მოტივირებული, რომ აღნიშნული საბჭო გამხდარიყო ქმედუნარიანი: "ვერ გეტყვით, რომ რამე შეიცვალა იმ დროსთან შედარებით დღეს ამ კუთხით, მაგრამ რაც მეტს შეეცდებიან, უკეთესია. იქნებ, ვინმეს გამოუვიდეს რამე. ფაქტია, რომ მაშინ ეს მცდელობა დარჩა უპასუხოდ," - ამბობს ის. რამიშვილს მიაჩნია, რომ მედიას ამ ტიპის ინსტრუმენტისადმი, როგორიცაა მედია საბჭო, მიმართვის ნაკლები მოტივაცია აქვს საქართველოში, რადგან კანონმდებლობაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აქ ძალიან ლიბერალურია: "მოტივაცია აღარ დარჩა მედიას: რევოლუციის შემდეგ მედიას არც ერთი სასამართლო საქმე არ წაუგია საქართველოში," - ამბობს ის.
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ყველა მხარე თანხმდება, რომ ეთიკის ნორმები და თვითრეგულაციის მექანიზმები აუცილებელია მედიისადმი საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად, თუმცა სადაო რჩება ამ მექანიზმების აღსრულების ინსტრუმენტების განსაზღვრის საკითხი. დღევანდელი სურათი კი საქართველოში ასეთია: მიუხედავად იმის, რომ უკვე 2 წელია საქართველოს მედია საბჭო არ შეკრებილა, იგი ოფიციალურად ლიკვიდირებული არ არის (უკანასკნელად საბჭო 2007 წლის ვადამდელი არჩევნების წინ შეიკრიბა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია მისცა მედია ორგანიზაციებს). ცალკე ქცევის კოდექსი აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს; ქცევის კოდექსი დაუწესა სხვა მაუწყებლებსაც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვს რამდენიმე ბეჭდვურ გამოცემასაც, მათ შორის რეგიონული მედიიდანაც. ამჟამად კი კიდევ ერთ ეთიკის კოდექსზე - ქარტიაზე მიმდინარეობს მუშაობა.
"რა მოლოდინი არსებობს ქარტიის მიმართ, ეს ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თუ როგორი საბჭო აირჩევა. უნდა შევძლოთ ჩვენ, რომ ავირჩიოთ ისეთი საბჭო, რომელიც გაამართლებს ჟურნალისტებისა და საზოგადოების იმედებს, რომ იმუშავებს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად. ყველაფერი გაკეთდა დღემდე, რომ ძალიან ჯანსაღ ნიადაგზე ყოფილიყო ეს ყველაფერი დაფუძნებული, მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ და ვერ ავირჩევთ წესიერ საბჭოს, თუ ჩვენ ამ საბჭოში ავირჩევთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და ამ საბჭოში იქნებიან იმიტომ, რომ გაატარონ სხვისი ინტერესები და არა - წმინდა ჟურნალისტური და საზოგადოების ინტერესები, მაშინ მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ ეს პროცესი ამ ეტაპზეც დამთავრდა კრახით," - ამბობს ია ანთაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემადგენლობა 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
მაია მეცხვარიშვილი
No comments:
Post a Comment