22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული გელათის აკადემია ერთობლივად გახსნეს. პატრიარქი და პრეზიდენტი გელათში ცალ-ცალკე მივიდნენ. ამ დღეს გელათის ზარები რამდენჯერმე დარეკეს. პირველად, როდესაც პატრიარქი მივიდა, რომელმაც საგანგებოდ მისთვის დაფენილ წითელ ხალიჩაზე გაიარა და ტაძარში შევიდა.
მრევლი უწმინდესს თავდახრილი შეეგება, თუმცა პატრიარქის ტაძარში შესვლისთანავე, შეკრებილ საზოგადოებაში სრული ქაოსი წარმოიშვა: ყველა ცდილობდა ტაძარში შესვლას, მაგრამ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ. ხალხი კიოდა, ერთმანეთს ხელს კრავდნენ. შედარებითმა სიმშვიდემ ერთ-ერთი სასულიერო პირის მოწოდების შემდეგ დაისადგურა: სტიქაროსნებმა დერეფანი გააკეთეს და მრევლის მცირე ნაწილმა მხოლოდ ამ გზით შეძლო ტაძარში შესვლა. მალე გელათში მყოფთა უმრავლესობამ ზეცისკენ მიაპყრო მზერა, საიდანაც ვერტმფრენის ხმა ისმოდა.
"ვერტალიოტის" ხმაა, მიშა მოდის უეჭველად," - ერთმანეთში საუბრობდნენ ბავშვები და სამრეკლოსკენ გარბოდნენ. ცოტა ხანში გელათში ზარები ისევ დარეკეს. ზარის ხმას ტაშის გრიალი და “მიშა, მიშას” ძახილი შეუერთდა. საქართველოს დროშების ფონზე გელათში პრეზიდენტი მივიდა და ტაძარს მიაშურა. დაახლოებით 10 წუთში პრეზიდენტი და პატრიარქი ტაძრიდან ერთად გამოვიდნენ: ჯერ წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავი მოილოცეს, შემდეგ კი გელათის სასულიერო აკადემია გახსნეს. მეუფე კალისტრატემ პრეზიდენტს საჩუქრად მიქაელ და გაბრილ მთავარანგელოზების ხატი უსახსოვრა. პრეზიდენტი ბევრს ლაპარაკობდა, პატრიარქი მხოლოდ იღიმებოდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერისა და ბერის წინამძღოლების ვიზიტის მიზანს ქუთაისში გელათის აკადემიის განახლებული შენობის გახსნა წარმოადგენდა, თუმცა ოფიციალურად გაცხადებული ამ მიზნის მიღმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იმალებოდა. საზოგადოებას გელათში გვერდი-გვერდ მდგომი პატრიარქი და პრეზიდენტი უნდა ენახა და ამით გაქარწყლებულიყო ის მითქმა-მოთქმა, რაც ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირების ამბავს შეეხებოდა. საქმე ის არის, რომ ორიოდე კვირის წინ ინტერნეტ-გვერდებზე რამდენიმე ვიდეო-რგოლი გამოჩნდა, რომლებშიც საქართველოს პატრიარქია გაშარჟებული. ეს ვიდეო-რგოლები "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრმა თეა თუთბერიძემ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ინტერნეტ-ქსელის Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. ამის თაობაზე მოგვიანებით ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ვრცელი სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში ხაზგასმული იყო ხელისუფლებისა და "თავისუფლების ინსტიტუტის" მჭიდრო ურთიერთობა. იქვე გაკეთდა მინიშნება, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან ხელისუფლება იდგა. ამას ფართო საზოგადოებრივი განხილვა მოჰყვა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. დაპირისპირებამ ვირტუალური სივრცე გაარღვია და პატრიარქის ღირსების დაცვის სახელით რამდენიმე ქუჩის აქციაც გაიმართა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა: "ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხდომები ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩას. მათი ავტორები სარგებლობენ ეკლესიის ზოგადი თავშეკავებით პოლიტიკურ საკითხებზე და ამიტომ პასუხის გაცემის შეუძლებლობით ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ღვაწლისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა და საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც დიდი მხარდაჭერითა და პატივისცემით სარგელობს. ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებებს მივმართავთ, რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების უფლება," - ნათქვამია განცხადებაში.
ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, თუმცა საპატრიარქოს პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები. ჩვენი ფუნდამენტალური ღირებულებები და ამასთან, საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისათვის უცხო და მიუღებელ წესებზე დაამყარონ. საქართველოს ეკლესიის მრევლი და საერთოდ, ხალხი აღშფოთებულია საკუთარი ღირსების და რელიგიური შეურაცხყოფის გამო და პასუხს ითხოვს. ეკლესია მათ მოუწოდებს ლოცვის გაძლიერებისა და სიმშვიდისკენ. შევნიშნავთ იმასაც, რომ სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიებსა და პოლემიკაში არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და ამას არ უნდა ავყვეთ,"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ვნებათაღელვა არ ჩამცხრალა საზოგადოებაში. საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ნაწილმა თეა თუთბერიძე საქართველოს დაუძინებელ მტრად გამოაცხადა (ერთ-ერთ ინტერნეტ-გვერდზე დაიდო სახელდახელოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, სადაც საკითხი ასე დაისვა: ვინ უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის? – რუსეთი, თუ თეა თუთბერიძე? გამოკითხვის შედეგად თუთბერიძეს ხმების 73% ერგო). საზოგადოების მეორე ნაწილი კი თუთბერიძის დაცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით განახორციელა.
"ესენი, ვინც ამ ვიდეოებს ავრცელებენ, მართლა ავადმყოფები არიან, არასრულფასოვნების კომპლექსითა და შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ადამიანები. საზოგადოებამ სწორედ ამ კუთხით უნდა შეხედოს ამ ამბავს. სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში ამ ვიდეოებმა ასეთი რეზონანსი გამოიწვია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ჩემი აზრით, არის მცდელობა ერთი ხელით ძირი გამოუთხარონ ეკლესიას და მეორე ხელით შერიგების პოლიტიკა აწარმოონ, იმიტომ რომ მათ ყველა ძლიერი მოთამაშე აშინებთ. ძლიერი პოტენციურად შეიცავს საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ აღიქმება მეტოქედ," - ამბობს ფილოსოფოსი მირიან ებანოიძე.
"როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებენ, ან სულაც სულიერ ლიდერს, თუ ვინმე თვლის, რომ ეს საწყენია და გულსატკენია, ამ ტიპის პოზიცია პირიქით აძლიერებს იმ ადამიანის პოზიციას, ვინც ეს გააკეთა. ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს აბსოლუტურად ჰქონდა იმის უფლება, რომ ეს გაეკეთებინა. მით უმეტეს ჩვენს პოსტმოდერნულ დროში. სადაც არ არსებობენ ისეთი მყარი ავტორიტეტები, რომლის ქილიკიც არ შეიძლება. მე არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ჩემთვის ძალიან გასაკვირი არ ყოფილა ის ვიდეო. თუმცა ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა არ ღირდა ამაზე. არსებობს ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც იგივე რომის პაპები არც თუ ისე კარგად არიან მოხსენიებულნი. ამიტომ ამისგან ზედმეტი პრობლემის შექმნა ჩვენი სიჩლუნგის მაჩვენებელი იქნება მხოლოდ," - ამბობს პოეტი გიორგი ხასაია.
გასული კვირის მიწურულს ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაავრცელა თავად თეა თუთბერიძემ: "ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ სივრცეში გამოტანილი მასალები, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო. ბევრ რამეს, რასაც ჩემს (Facebook-ის) გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცეებს ვაქვეყნებ არა იმიტომ, რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ აქტუალური და საინტერესოა. მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში".
მანანა ქველიაშვილი
No comments:
Post a Comment