ვლადიმერ ლენინი, გარდა იმისა, რომ პროლეტარიატს ბელადობდა, ზოგჯერ მორსაც იდებდა მხარზე და ლიანდაგს აგებდა, სწავლის მნიშვნელობაზეც ქადაგებდა და ამაზე აფორიზმებსაც თხზავდა (დაახლოებით ამ ტიპის - "სწავლა, სწავლა და სწავლა"), პერიოდულად ფილმებსაც უყურებდა, რის შემდეგაც დასკვნებს აკეთებდა. ამ დასკვნების მოკლე შინაარსის თანახმად, კინემატოგრაფი საუკეთესო იარაღია იდეოლოგიის სამსახურში. ლენინის ეს დასკვნა წარმატებით განხორციელდა საბჭოთა კავშირში. ბელადის ნათქვამის სისწორე არაერთხელ დამტკიცდა. ლენინი იქცა სახელმწიფოსთვის (განსაკუთრებით იმპერიული მიდრეკილების) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოჟანრის - იდეოლოგიური კინოს დამაარსებლად (ამიტომ საინტერესოა, რატომ არ მოიხსენიებენ მას ლუმიერების, გრიფიტის, ეიზენშტეინის გვერდით). კინოჟანრის, რომელმაც მოიტანა თავისი კინოაზროვნება და ესთეტიკა, მასვე უკავშირდება უამრავი კინოშედევრი. კინოშედევრები, რომლებიც იქმნებოდნენ არა იმდენად ამ ჟანრში, არამედ მისგან თავის დაღწევის და გვერდის ავლის პროცესში. საბჭოთა იდეოლოგიური კინო 70 წლის განმავლობაში კვებავდა საბჭოთა მოქალაქეების ცნობიერებას, რომლებიც კინოსიმართლეს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე - მათ გარშემო არსებულ რეალობას.
კინო თავის ძალას არ კარგავდა ომის დროს. კინოომი რეალურს ჯაბნიდა, თვით ომის მონაწილეებსც აჯერებდა, რომ კინო უფრო მართალი იყო, ვიდრე ის, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს.
მოგეხსენებათ, კინოიდეოლოგიის ჟანრი წარმატებით მუშაობს ამერიკაშიც. ჰოლივუდში, ოცნებებთან ერთად, იდეოლოგიურ პროდუქტებსაც ამზადებენ. ასევე, კინოომებს - ერთი სიმართლით, ერთი ტიპის გმირებით ხედვის ერთი წერტილით. შეიძლება ითქვას, ერთადერთი შემთხვევა ვიეტნამი იყო, სადაც ომის რეალობამ კინორეალობა გადაძალა, რასაც მოყვა თავისი შედეგი - დიდი მღელვარება მთელ ამერიკაში. ამის მერე მსგავსი "იაღლიში" თითქმის არ მოსვლიათ. კინო და ტელეომები წარმატებით ფარავენ რეალურ სივრცეს.
კინოომებს ენდობიან რუსეთში - ლენინის სამშობლოში. ამიტომ ფილმების თუ სერიალების სახით უამრავ სურათს თავაზობენ პოსტსაბჭოთა პუბლიკას გმირი და გადამრჩენელი რუსი ჯარისკაცებით. არც აგვისტოს მოვლენები გახდა გამონაკლისი რუსეთში: სახელდახელოდ გადაიღეს ფილმი მართალი რუსი ჟურნალისტებით, საწყალი ოსი მოსახლეობით, კაციჭამია ქართველებით, მხსნელი რუსი ჯარისკაცებით და მესიად მოვლენილი ვლადიმერ პუტინით. იქამდე, იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთისთვის კინოომი, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეჟისორი - ემირ კუსტურიცაც კი გარია ამ საქმეში. ლენინის მემკვიდრეობანაგემი და ამერიკისკენ მსწრაფი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო გულგრილად გვერდს ვერ აუვლიდა ასეთ გამოწვევას და იდეოლოგიის ამ მძლავრ იარაღს თავადაც მიმართავდა მტრის წინააღმდეგ. ამიტომ რუსულ-ქართულმა ომმა კინოში გადაინაცვლა, კამერაც და სიმართლეც სხვადასხვა მხარეს მიიმართა: რაც ტალიავინმა და სხვა მისი რანგის გამომძიებლებმა ვერ გაარკვიეს, კინომ უნდა გაარკვიოს. ამის გასარკვევად ჰოლივუდიდან "კერკეტი კაკალის" რეჟისორი მოიწვიეს (ჩვენ ასე გვითხრეს, თავად გაუჩნდა ამის სურვილიო) და მას მიანდეს ქართული სიმართლე. მყარად რომ ეგრძნო თავი ამ სიმართლეში, ნამდვილი ტანკები მისცეს, ნამდვილი სოფელი გადააწვევინეს, პრეზიდენტის ნამდვილ აპარტამენტში შეუშვეს და ნამდვილი ენდი გარსიაც ჩამოუყვანეს ამერიკიდან. თუკი რუსებს კუსტურიცა ჰყავთ, ჩვენ რენი ჰარლინი და ენდი გარსია გვყავს. თანაც, მგონი კუსტურიცამ უარი თქვა გადაღებაზე და რუსები ლენინის კინომემკვიდრეობის და საკუთარი თავის ამარაღა რჩებიან. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსებს ომს კინოშიც ვუგებთ (რეალურად ხომ მოვუგეთ და მოვუგეთ).
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment