Monday, October 5, 2009

კვირის ყველაზე პოპულარული ქუთაისელი


უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ქუთაისელი ზვიად ამყოლაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული ადამიანია. ამ ხნის მანძილზე მისი ვიდეო, სახელწოდებით - "დნნ დშნ" 120 ათასამდე ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ნახა, რითაც 2-ჯერ გადაუსწრო ამ კუთხით აქამდე ყოფილ რეკორდსმენ კოხორას.

ზვიად ამყოლაძე ქუთაისელია. 21 წლისაა და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. საყოველთაოდ პოპულარული ადამიანი იგი მას შემდეგ გახდა, რაც "ჯეოსტარი 2009"-ის შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. ფართო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ზვიად ამყოლაძეს შევხვდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:


- მუსიკა ძალიან მიყვარს. მაქვს ჩემი რეპერტუარი. იქაც ჩამოწერილი მქოდა, რომ მივიტანე "ჯეოსტარში", მაგრამ მარინა ბერიძემ არც წაიკითხა, შენ რაც გინდა, ის იმღერეო და მეც "ფელიჩიტა" ვიმღერე.

- რატომ მაინც და მაინც "ფელიჩიტა"?

- ყველა მაგას მეკითხება, ვინ გირჩიაო. მანამ, სანამ კასტინგზე შევიდოდით, გარეთ ვმღეროდით ბავშვები. პირველ დღეს 282-მა მსურველმა გაიარა კასტინგი, მეორე დღეს კი 30 შეგვარჩიეს. პირველ დღეს ვიმღერე სეფაშვილის "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო". მეორე დღეს, როცა ეს "ფელიჩიტა" ვიმღერე, დუტამ მირჩია. რომ მკითხეს ჟიურის წევრებმა რას იმღერებო, "მაგან ფელიჩიტა იცის ყველაზე კარგადო", დუტამ თქვა და ბანს მოგცემო, მეც მითხრა. ასე, დავიწყე დნნ... დშნ...

- მხოლოდ ეს ერთი სიმღერა შეასრულე კასტინგზე?

- მაგის გარდა, შევასრულე 4 სიმღერა, მაგრამ რატომღაც ეს მოეწონათ ყველაზე მეტად და დანარჩენები არ გაუშვეს ეთერში. გვერდით რომ უჯდა თმაქუჩქუჩა ქალი მარინა ბერიძეს, მან მითხრა "ერთხელს ამერიკაში" იმღერეო და ისიც ვიმღერე.

- რომელ სიმღერაზე ამბობ?

- აი, ის... დამ ტარა რაააა... შემდეგ "აბბას" სიმღერაც მამღერეს, შემდეგ მამუკა ონაშვილის - "ის სხვა", ჯო დასენის გადმოქართულებული ვარიანტი. მაგრამ ესენი აღარ გაუშვეს ეთერში.

- როგორც მივხვდით, როცა მღერი, ცდილობ, არა მხოლოდ ვოკალური პარტია, არამედ მთელი ორკესტრის პარტიებიც შეასრულო.

- რატომაც არა? ვფიქრობ, ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ასე იწყებ ის სიმღერა, "ფელიჩიტა" - "დნნ... დშნ..." და ამიტომ ვიმღერე ასე. ეს რომ ამომეღო, იმდენად ემოციური არ იქნებოდა და არც დავამახსოვრდებოდი მსმენელს. ისე, დასარტყამი ინსტრუმენტების მიბაძვა უფრო კარგად გამომდის.

- ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი?

- ალბანო ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჯო დასენი მიყვარს. ჯო დასენის ის სიმღერა მიყვარს - "სალიუტ".

- მერე რატომ არ იმღერე ეს შესარჩევ ტურზე?

- იმიტომ, რომ ვფიქრობდი, დასაწყისს ვერ ავიღებდი, როგორც საჭირო იყო, ისე.

- ალბათ, იცი, რომ ინტერნეტ-გვერდებზე ძალიან პოპულარული ხარ.

- ვიცი, მქონდა საშუალება ეს ვიდეოები თვადაც მენახა, მაგრამ რატომღაც სურვილი არ მაქვს.

- მოგწონს პოლულარული რომ გახდი?

- პოპულარული რომ გავხდი, თავიდან არ მომწონდა, ეს დაცინვის ელემენტები არ მომწონდა, მაგრამ მერე ერთ ყურში ვუშვებდი და მეორეში გამოვუშვებდი, მივეჩვიე უკვე და ახლა არც ვაქცევ ყურადღებას. მსიამოვნებს, რომ მცნობენ. თუკი ვერ მცნობენ, მწყინს კიდეც უკვე. მიხარია, როცა მხედავენ და იცინიან, ე.ი. ასე შევაყვარე თავი ხალხს.

- მომვალში კიდევ აპირებ "ჯეოსტარის" ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღებას?

- მომავალ "ჯეოსტარში", ალბათ, არ მივალ, რადგან ვიცი, რომ ჩემზე უკეთესი მონაცემების მქონე ადამინები ვერ გავიდნენ. ანუ მუსიკალური კონკურსში შეიძლება ვცადო ბედი, იქ, სადაც ასე არ გამოვჩნდები. ამჟამად სტუდენტი ვარ, ვსწავლობ და ფიზიკოსი უნდა გამოვიდე.

- როგორც ვიცით, პატრიოტთა ბანაკის მონაწილეც ხარ, ხომ?

- კი, პირველად შარშანწინ მივიღე მონაწილეობა "პატრიოტთა ბანაკში", წელსაც ვიყავი და იქაც ჩემი სიმღერებით ვართობ ხალხს. ამას გარდა, გვაქვს საოჯახო გაზეთი - "იმერეთი დედაა ჩემი" და საოჯახო ბიბლიოთეკა, რომელსაც ჩემი მამობილი უძღვება. მე თვითონ მშობლები გარდაცვლილი მყავს, არც დედმამისშვილები მყავს და მამობილთან ერთად ვცხოვრობ. სიმღერა ჩემი ჰობია.

სოფიკო ყანჩაველი



2 comments:

  1. ძალიან საყვარელია :))) ღმერთმა გაუმარჯოს თავის საქმეში ;)))
    პ.ს. ისე, არ გავს ეს ინტერვიუ ამ ბიჭის ლაპარაკის სტილს და აშკარად არაბუნებრივადაა "გაშალაშინებული" ...

    ReplyDelete
  2. ზვიადის საუბრის სტილს უცვლელად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ორ ვიდეოში, რომლებიც დავამატეთ აქვე:)))

    ReplyDelete